ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: არსებობს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე

პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ სასამართლო პროცესზე, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიასა და დაზარალებულებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა. ნინიძე ამბობს, რომ  არსებობს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ან შესაძლოა, თავად ბრალდებულს დაემუქროს საფრთხე.

ამასთან პროკურორმა განმარტა, რომ საბა სამუშია წარსულში ნასამართლევია და ამის მიუხედავად მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული.

ცნობისთვის, რესტორან „აღაში“ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება სამი ადამიანის დაჭრით სამი დღის წინ დასრულდა. დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი.

117-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 118-ე მუხლის მესამე ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

იტვირთბა....