გმირთა მოედანზე მდებარე რესტორანში 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა. სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, რომელიც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს გადაკვალიფიცირდა და ახლა დაკავებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად.
გმირთა მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია გამთენიისას ჩაუტარდა და დაზიანებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა წინამხარზე აღენიშნებოდა.
ცნობისთვის, რესტორანში, სადაც სისხლიანი დაპირისპირება სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამი მამაკაცი რესტორანში დაბადების დღეზე სპეციალურად მიწვეულმა მომღერალმა დაჭრა. იუბილარის მეგობრები მძიმე ჭრილობებით ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ერთ-ერთ ახალგაზრდას გადაჭრილი აქვს არტერია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დაჭრილის მამა ყვება, რომ ურთიერთშელაპარაკება რესტორანში სცენაზე იუბილარის მეგობრებსა და მიწვეულ მომღერალს შორის სიმღერის შესრულების დროს დაიწყო. ამ დროს მომღერალმა სცენაზევე ერთ-ერთი სტუმარი დაჭრა, რამდენიმე წუთში კი გასაშველებლად მისული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაჭრა.