ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: “როდესაც ქუთათელაძე გარდაიცვალა, იმ დროს ჭანტურია იმყოფებოდა ”საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში“

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ალიბი ჰქონდა, რომ გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის დროს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში იმყოფებოდა.

„გამოძიების ვერსია იყო, რომ გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა ეს ყოველივე. თუმცა, ეს არც მაშინ, არც დღეს და არც მომავალში არ დადასტურდება, იმიტომ, რომ გიორგი ჭანტურიას არ ჩაუდენია და ვერც ჩაიდენდა ამ დანაშაულს, რადგან როდესაც მკვლელობა მოხდა, სხვაგან იმყოფებოდა. ანუ, მას გააჩნია ალიბი. ასევე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, რაიმე ფორმით ჭანტურიას ბრალეულობა რომ იკვეთებოდეს. ეს მიუთითებს იმას, რომ ბრალდების მხარე ცდილობდა ყოველმხრივ ობიექტურად გამოეძიებინა საქმე. მათ მართლაც ობიექტურად გამოიძიეს აღნიშნული საქმე. გამოძიების შემდეგ აშკარად გამოიკვეთა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის არანაირი ბრალეული ქმედება არ იკვეთება. იმედი მაქვს, რომ გამოძიებას არანაირი სხვა კითხვა არ ექნება ჭანტურიას მიმართ. თუ რაიმე კითხვა ექნებათ, ჩვენ მზად ვართ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. არც მიმალვას, არც გადამალვას და არც გამოძიებისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლას არ ვაპირებთ.

დააკავეს ისე, რომ წესით არ უნდა დაეკავებინათ, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, თუმცა ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ უნდა დაეკავებინათ. 48 საათზე ცოტა მეტი ხნით გააჩერეს იგი. არაერთი მხრიდან იყო შემოწმებული ჰქონდა თუ არა გიორგი ჭანტურიას რაიმე კავშირი ან ლოგიკური ბმა ქუთათელაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ნამდვილად დადგინდა, რომ ასეთი ბმა არ იყო. შესაბამისად, ჭანტურია გათავისუფლებული იქნა. კარგია, რომ ასე მოხდა.

იყო საუბრები, რომ მას უნდა ეღიარებინა დანაშაული და მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეგავლენა ხდებოდა. თუმცა, როცა ადამიანი მართალია, როგორ უნდა აღიაროს.

რაც შეეხება ალიბს, პირველი იყო ის, რომ ჭანტურია რეალურად არავის დაუნახავს, რომ იქ იმყოფებოდა, გარდაცვლილს ესროლა, ან რაიმე კონფლიქტი ჰქონდა. როდესაც ქუთათელაძე გარდაიცვალა, იმ დროს ჭანტურია იმყოფებოდა ”საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში“, – განაცხადა ადვოკატმა.

იტვირთბა....