ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: “გენერალ ქუთათელაძეს გარკვეული პირები ფულს სთხოვდნენ”

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ანა კეკელიძის თქმით, კონკრეტული პირები ქუთათელაძისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, თუმცა ისინი გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს.

ადვოკატი გამომძიებლებს მოუწოდებს, რომ ამ ინფორმაციით დაინტერესდნენ. ადვოკატი ამბობს, რომ  ეს ინფორმაცია მისთვის იმის გამოა ცნობილი, რომ ჭანტურიას საქმე ამ დრომდე გამოყოფილი არ არის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმიდან. შესაბამისად, მას ამ საქმის მასალებთან კვლავ წვდომა აქვს.

„იმ ჩვენებებში, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს, საუბარია სამსონ ქუთათელაძესა და სხვა პირებს შორის გარკვეულ დაძაბულ ურთიერთობებზე, ასევე საუბარია იმაზე, რომ სამსონ ქუთათელაძეს გარკვეული პირები სთხოვდნენ თანხასაც და ისინი არ არიან დაკავებულები, ისინი არ იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში, მაშინ, როცა უდანაშაულო ადამიანი გამოკეტილია მრავალი საათია,“ – განაცხადა ანა კეკელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხეს, დაკითხვის შემდეგ კი ჭანტურიას მშობლების სახლში ჩატარდა ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია “მაკაროვის” ტიპის იარაღის 9 ვაზნა. ადვოკატების ინფორმაციით, ჭანტურიას გამოძიება სწორედ საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება.

ჭანტურიას დის თქმით, პოლიცია ყოფილი პროკურორისგან გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას ითხოვდა.

გიორგი ჭანტურიას ოჯახი გამოძიების გადაწყვეტილებას ელოდება, 6 საათის შემდეგ კი ოჯახი ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალი  სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა ნახა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი იარაღით არის ჩადენილი.

სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

იტვირთბა....