სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმა. თბილისის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების ინსპექტორებმა, როტაციის პრინციპით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქალაქ ბორჯომში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში სასტუმროების, რესტორნების და კაფე-ბარების კვების ბლოკებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს.
შემოწმების პარალელურად, გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც.
სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 74 ობიექტზე, რომელთაგანაც 46 – გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.
მომხმარებლის ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საჯარო ადგილებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების კვების ბლოკების შემოწმებას სისტემატურად ატარებს.