თბილისის მერი კახა კალაძე ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან facebook-ზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო და აღსაზრდელების მშობლებს მათი კვების რაციონის შესახებ მიმართა. მერმა აღნიშნა, რომ ის საბავშვო ბაღში გაუფრთხილებლად მივიდა.
“მინდა ყველა დავაწყნარო, მშობლებს ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტებით”- მიმართა მერმა აღსაზრდელების მშობლებს.
კალაძის განცხადებით, ტყუილია ის ინფორმაცია, რომ ბაღებში კვების რაციონი შემცირდა და ბავშვები კვების გარეშე დარჩნენ.
“სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ საკვები ბავშვებისთვვის საკმარისია. ერთადერთი რისი შემცირებაც მოხდა, არის შაქარი და მარილი, ისევ ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის. კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ეს არის საერთასორისო სტანდარტებით, “იუნისეფი” იყო ჩართული საკვების რაციონის, მენიუს მომზადებაში, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით” – აღნიშნა კალაძემ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
ერთი თვის წინ ტენდერში გაიმარჯვა ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც დაევალა ბაგა-ბაღებში საკვების შეტანა, თუმცა აღოჩნდა, რომ შეცვლილმა კვების რაციონმა მშობლებში უკმაყოფილება გამოიწვია. მშობლები ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით რაციონი შემცირებულია და ხარისხი კი გაუარესებული.