აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ბაღებში ბავშვებს აშიმშილებენ”: მშობლები ბაგა-ბაღებში საკვების ხარისხის გაუარესებაზე საუბრობენ

საბავშვო  ბაღებში  საკვების მენიუს ცვლილებებთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღეა  მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და როგორც მედიასთან, ასევე სოციალურ ქსელში ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ. სიტუაცია კი შემდეგია,  მშობლები ბაგა-ბაღებში  საკვების რაციონისა და ხარისხის გაუარესებაზე საუბრობენ და ბაღების მართვის სააგენტოსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, შემცირებულია საკვების რაციონი და ბავშვების უმრავლესობა დღის განმავლობაში მშიერია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბაღებში არსებული მდგომარეობა სასწრაფოდ შესასწავლია და აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვების კალორიულობა და ხარისხი ჯანდაცვის სამინისტრომ  უნდა შეამოწმოს, რაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

1 თვის წინ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების  ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ მოიგო. მერიაში კი  განმარტავდნენ, რომ ამ კომპანიის დაინტერესება  იაფმა ფასებმა  გამოიწვია.  ხოლო, როგორც  მშობლები „მეტრონომთან“ყვებიან, ყველაზე იაფმა კომპანიამ თავი სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან 2-3 დღეში გამოიჩინა.

მშობლები ამბობენ, რომ ზოგიერთ ბაღში რძე ღვინის ყუთებით შეიტანეს, პური კი მასწავლებლებმა თავისი ხარჯებით შეიძინეს, რადგანაც ხშირია შემთხვევები, როდესაც პატარა აღსაზრდელებს დღის განმავლობაში საკვები არ ჰყოფნით.

მშობლების პრეტენზიებს დღეს თბილისის მერი კახი კალაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ თემის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი  ხელოვნურად არის გამოწვეული.

კალაძის თქმით, სიცრუეა იმაზე საუბარი, თითქოს ბაღებში კვების მენიუ წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.  მერის განცხადებით, 2017 წელს საბავშვო ბაღების კვების რაციონი, ისევე როგორც კალორაჟის რაოდენობა, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით დამტკიცდა.

„გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღებში მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი  არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო 487-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა.

აღნიშნული კალორაჟის მიხედვით მოხდა ახალი მენიუს დამტკიცება საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. არსებულ მენიუში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველის და რძის პროდუქტების და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები. მათ შორის მარილის და შაქრის დღიური ნორმა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თუმცა მერის განწყობას „მეტრონომთან“ საუბარში ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა ნანა გოგია არ იზაირებს. გოგია ჩვენთან ყვება, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც  მისი შვილი სახლში მშიერი ბრუნდება და ბავშვი ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში საჭმელი არ უჭიამია.

ამის მიზეზი კი ის, არის რომ, შეცვლილი მენიუს მიხედვით, ბავშვებს დილით წიწიბურას აჭმევენ, მისი პატარა კი არ ჭამს, რადგანაც არ უყვარს. შუადღისით კი ერთ ნაჭერ პურს საკვებთან ერთად  აჭმევენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას პურს სხვა ბავშვი უჭამს. ბაღში კი ზედმეტი მარაგი არა აქვთ და  დამატებით პურს  ვეღარ აძლევენ.

„არ მინდა კონკრეტულად ბაღის დასახელება, რადგანაც შემდეგ ყველაფერი მასწავლებლებზე ტყდება.   უკვე რამდენიმე დღეა ბავშვი მეუბნება, რომ ბაღში საჭმელი არ უჭამია და მთხოვს, რომ წაყვანამდე რამე ვაჭამო. როდესაც ბაღში სიტუაცია მოვიკითხე,  მასწავლებლებმა ამიხსნეს, რომ უკვე ერთი თვეა რაც ბაღში მენიუ შეიცვალა და დილით მას წიწიბურას სთავაზობენ.

ჩემს პატარას კი წიწიბურა არ უყავრს და ჭამაზე უარს ამბობს. შუადღისით კი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი აღსაზრდელი მას  საჭმელს უჭამს. სანამ ის შეჭამს,  ბავშვი საკვების მოპარვას ასწრებს. როგორც ჩანს შემცირებული ულუფის გამო, ბავშვები ვერ კმაყოფილდებიან.

ბაღის დირექტორმა მითხრა იძულებულები ვხდებით მასწავლებლებმა ფული ავაგროვოთ და ბავშვებისთვის პური ვიყიდოთ, რადგანაც მარაგი საკმაოდ მწირია და ბაღში კი ბევრი ბავშვია.  წინა წლებთან შედარებით სიტუაცია ძალიან გაუარესებულია. ადრე კარაქი და ხორცი ჰქონდათ. ბავშვები ასეთი დამშეულები არასდროს ყოფილან“,-აცხადებს „მეტრონომთან“ საუბარში გოგია.

ტელე-წამყვანი არჩილ გამზარდია „მეტრონომთან“ ბაღებში შექმნილ სიტუაციას აკრიტიკებს. მისი თქმით, გაუგებარია  მერიამ რატომ გადაწყვიტა, რომ ამ კუთხით დალაგებული და მოგვარებული სიტუაცია აერია. გამზარდია ამბობს, რომ  კალაძის განცხადება ლოგიკაში ვერ ჯდება, რადგანაც მაშინ გამოდის, რომ მშობლების უმრავლესობას მოჩვენებები დაეწყო. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაღებში არსებული საკვების რაციონით  ყველა კმაყოფილი იყო. გამზარდია აცხადებს, რომ ერთადერთი რაც მაშინ სადავო ხდებოდა, ბაღების გადატვირთულობა და მასწავლებლების სიმცირე იყო.

„საჯარო ბაღებში კვების  პრობლემა ბოლო სამი წლის მანძილზე არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი ბაღის დღევანდელი მენიუ ასეთია, დილით წიწიბურა,  12 საათზე ბანანი, 2 საათზე სადილი. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვების უმრავლესობა წიწიბურას არ ჭამს და შუადღემდე მშიერია. დილით არც ჩაია, არც პურის ნაჭერი. ეს სრულიად გაუგონარი რაღაც არ არის. მართალია ადრეც ბავშვზე ერთი ნაჭერი პური იყო გათვლილი, მაგრამ თუ მას ეს რაციონი არ ეყოფოდა, არსებობდა იმის საშუალება, რომ  მეორე ნაჭერიც მიეცათ.  ახლა ასეთი შესაძლებლობა აღარ არის და იძულებულები არიან, რომ სახლიდან პური თავად გაატანონ.

მიჩნდება ძალიან ცუდი შთაბეჭდილება, გამოდის მერია ცდილობს, მშობლები აიძულოს, რომ  ბავშვები სახლში დატოვონ. ბაღების  რეფორმა  საკვებთან დაკავშირებით საკმაოდ გამართული იყო, თუმცა ახლა  ეს ხალხი მიზანმიმართულად სიტუაციის გაფუჭებას ცდილობს, რომ გადატვირთული ბაღების დაცლა მოხდეს და საჯარო ბაგა-ბაღები, მართლაც სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის  დარჩეს. თუმცა საქართველოში დალხინებული სიტუაცია არ არის და არც საშუალო ფენას აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვები კერძო ბაღებში ატარონ“,-აცხადებს გამზარდია „მეტრონომთან“ საუბარში.

მისი თქმით, გაუგებარია რატომ ეჯახება თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა იმ საკითხს,  რომელიც მოგავრებულია და რატომ  არ იწყებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ბაღებში ნამდვლად არსებობს. გამზარდია ამბობს, რომ კვების საკითხი ნამდვილად  გადაჭრილი იყო და გაუგებარია მისი პრობლემად ქცევა ვის რაში უნდა სჭირდებოდეს.

ბაღებში განვითარებულ მოვლენებს სწრაფად გამოეხმაურა სსიპ “ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს” ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე. მისი განცხადებით, თუკი რომელიმე საბავშვო ბაღში დაფიქსირდა არასაკმარისი პროდუქტის მიწოდების ფაქტი ან კალორიულობასთან დაკავშირებული დარღვევა, რეაგირება მკაცრი იქნება.

“ეს მენიუ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 1292 კალორიაა განსაზღვრული დღიური ნორმა და ეს რეგულაცია ჯანდაცვის სამინოსტროს ინიციატივით შემოვიდა შარშან ოქტომბერში. აქედან გამომდინარე, კვების პროდუქტები ბაღებს მიეწოდება ამ რეგულაციების შესაბამისად. ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეგულაციის შემოღების შემდეგ, ბაღების მართვის სააგენტოს მიერ შემუშავდა მენიუ ექსპერტების დახმარებით და ის ამ სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამება“,-განაცახდა გვანცელაძემ.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

იტვირთბა....