ახალი ამბები მთავარი სამართალი

გენერალის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ ჭანტურიასთან ადვოკატი შევიდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიასთან უფლებადამცველი შევიდა.  ადვოკატ ანა  კეკელიძის განცხადებით, დაკავებულის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 48 საათია დაკავებული ჰყავთ, მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

„ფაქტობრივად ის ბრალდებულია, ვინაიდან დაკავებული ჰყავთ უკვე დაახლოებით 48 საათია, მაგრამ მის მიმართ ბრალის წარდგენა ჯერ კიდევ არ მომხდარა. ის დარღვევები, რომელიც მოხდა და რომელიც ხდება ჯერ კიდევ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მე გიორგი ჭანტურიასთან გავიარო გარკვეული კონსულტაციები, ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციაზე და შემდეგ უკვე გაგაცნოთ თქვენც.

ზოგადად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. არავითარი ჩანაწერები, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ, პირიქით, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა გუშინ, არის ფაქტობრივად მის მიმართ გამამართლებელი, არცერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე შემხებლობას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან და არც ასევე მის შემხებლობას 236-ე მუხლთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა ვაზნებს. ანუ, არცერთ მუხლთან დაკავშირებით მის მიმართ მტკიცებულება არ არსებობს,” – განაცხადა ადვოკატმა ანა კეკელიძემ.

ყოფილი პროკურორი სამართლდამცველებმა არა მკვლელობის, არამედ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ჭანტურიას ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიცია ყოფილი პროკურორისგან გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას ითხოვდა და მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალი  სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა ნახა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი იარაღით არის ჩადენილი.

სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

იტვირთბა....