“ფრიდომ ჰაუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა, დევიდ კრამერმა საქართველოს შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩემთვის გაუგებარია რისი გაკეთება სურს “ქართულ ოცნებას” ამ გაზრდილი ძალაუფლებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი ძალის გაზრდით, მმართველი პარტია ოპოზიციისთვის ყოველგვარ შესაძლებლობას ზღუდავს, რომ მათ მომავალში არჩევნებით, მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება შეძლონ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი [საკონსტიტუციო] ცვლილებების წინააღმდეგი იყო. “ქართულ ოცნებაში” კი ვფიქრობ, ერთი კონკრეტული ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი – ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ამ ცვლილებებით. მე იმ შეშფოთებას ვიზიარებ, რომელიც არა მხოლოდ “ფრიდომ ჰაუსმა”, არამედ ბევრმა სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოხატა. ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ ამ საკითხს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს.
2017 წელს საქართველოში სამჯერ ვიყავი. ჩემი აზრით, ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული და რთული სათქმელია საით მიდის. კიდევ გავიმეორებ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება ჰქონდეს. ვფიქრობ, ქვეყანა ჯერ ისევ სწორ გზას ადგას, მაგრამ პროგრესი ცოტა შენელდა. ქვეყანას სჭირდება დაინახოს, რომ ყველა პოლიტიკური ძალის წამომადგენელი ერთ საკითხზე თანხმდება – რომ საქართველო ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებისკენ განუხრელად მიიწევს. ასეთი განცხადების გაკეთება ევროკავშირსა და ნატო-ზე ეთგვარ ზეწოლას მოახდენს, რომ საქართველოსთვის წევრობის შესაძლებლობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და მათ გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში. თუ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლაა, ნატო-ს და ევროკავშირს უკან დახევის საშუალება მიეცემათ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საქართველოს ვალდებულებაა, რომ დასავლურ ორგანიზაციებზე ზეწოლა გააგრძელოს. საქართველო გეოგრაფიულად ძალიან რთულ პოზიციაშია და ამას ვერავინ შეცვლის. შესაბამისად, ქვეყანას დასავლეთის დახმარება სჭირდება რუსეთის ზეწოლისთვის თავის გასართმევად, საზღვრის გადატანის შესაჩერებლად და სხვა“, – განაცხადა კრამერმა.
დევიდ კრამერის თქმით, წარმატების მისაღწევად საქართველოს დასავლეთი სჭირდება, ხოლო წარმატებული საქართველო შედის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის და შეერთებული შტატების ინტერესებში.