სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ვრცელება. ბრალდებული გიორგი ჭანტურია სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი მეწილეა, როგორც ირკვევა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სამსონ ქუთათელაძე ტელეფონით სწორედ ჭანტურიას ესაუბრა.
ოჯახი აღიარებს, რომ ვაზნები, რომლის უკანონო შენახვის გამოა ჭანტურია ოფიციალურად დაკავებული, მათ ეკუთვნოდათ, თუმცა მკვლელობასთან დაკავებულის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ.
ჭანტურიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. მისგან მკვლელობის აღიარებას ითხოვენ.
რუსთავში ამ დრომდე განაგრძობს მუშაობას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა ნახა.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი იარაღით არის ჩადენილი.
სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.