ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. საინფორმაციო სააგენტოს „ინტერპრესნიუსის“ცნობით, ის სოფელ არცევის მკვიდრი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია.
„მარეკ დუდაევის მკვლელობის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლებით აღძრა. მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიმართულია დანაშაულის ყველა გარემოებისა და კაზიევის ადგილსამყოფელის დასადგენად და შემდგომ მის დასაკავებლად“, – განაცხადეს ე.წ. გენერალურ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ არცევში მარეკ დუდაევი წუხელ მოკლეს. მკვლელმა დუდაევს სამჯერ ესროლა. მისი ცხედარი მშობლიურ სოფელ არცევში იპოვეს. სოფლის ყოფილი კლუბის ტერიტორიაზე მარეკ დუდაევს ფერმა ჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, მას თანასოფლელმა შენობის მეორე სართულზე, სუფრასთან ესროლა. დუდაევი ადგილზე გარდაიცვალა. დუდაევის მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სოფელ არცევის მკვიდრმა, წარმოშობით ჩეჩენმა, მარეკ დუდაევმა ქართულ ციხეში 9 წელი გაატარა. ქართველმა სამართალდამცავებმა ის 2004 წლის 16 მარტს დააკავეს. 2005 წლის ნოემბერში, თბილისის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. სასამართლომ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება ძალაში უზენაესმა სასამართლომაც დატოვა. მარეკ დუდაევი ბრალს არ აღიარებდა.
მარეკ დუდაევი 2013 წელს გაათავისუფლეს. ამინისტიის კანონის ამოქმედების შემდეგ, მას ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი და შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა.