ახალი ამბები მთავარი სამართალი

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის პროცესში ერთი პირია დაკავებული. როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის კაბინეტი, სადაც ის მოკლული იპოვეს, დალუქულია.

ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა ნახა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი იარაღით არის ჩადენილი.

სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

იტვირთბა....