მარიკ დუდაევის მკლელობას ვერსიების მთელი კასკადი მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ცხინვალში რომანტიკულად განწყობილი თანამოქალაქეებისთვის ის რეალობაში ნამდვილ კოშმარად იქცა, ამიტომაც, ახლა ამბობენ რომ მისი მოკვლა ყველას აწყობდა. თუმცა, მაინც ორ ძირითად ვერსიაზე აკეთებენ ფოკუსირებას.
პირველი: კონფლიქტი ვინმე ტარიელ ბაშარულთან. ის ჩვენთვის არის „ვინმე“, თორემ ცხინვალის რეგიონში მას სერიოზული გავლენები აქვს. როგორც წერენ, ბაშარული მსხვილი კონდრაბანდისტია და ლენინგორის რაიონს აკონტროლებს.
კონფლიქტმა იმდენად სერიოზული სახე მიიღო რომ დუდაევი რამდენჯერმე ცემეს კიდეც. JAMnew-ის ლენინგორში წყაროზე დაყრდნობით ამ დაპირისპირების დეტალებზე წერდა:
„დუდაევმა ხარკი დააკისრა იმ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ცხინვალის ბაზარში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი დუდაევს მორჩილად უხდიდნენ ხარკს, და მარიკმა გადაწყვიტა, გავლენის სფერო გაეფართოვებინა და შეეცადა, იმ ლენინგორელი ქართველებისთვისაც გამოერთმია ფული, რომლებსაც საქონელი საქართველოს საზღვრის გავლით შემოჰქონდათ.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ბევრად უფრო სერიოზული “მფარველი” ჰყავდათ ტარიელ ბაშარულის სახით.“
მეორე ვერსია დუდაევის ყოფილ ცოლს უკავშირდება. 2013 წელს ამნისტირებული დუდაევი თბილისიდან ცხინვალში გადადის. მალევე ადგილობრივ პოლიციაში მის წინააღმდეგ სარჩელი შედის. საკუთარმა მეუღლემ მას ფიზიკური შეურაცხყოფისა და გაუპატიურების გამო უჩივლა. დუდაევი დააკავეს, თუმცა, მალევე დააღწია თავი პატიმრობას. ცოლს, მართა ვაზაგოვას, მოძალადე ქმრისგან გაქცევა მოუწია, ის როსტოვში გადაიხვეწა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც 2017 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა კარატეში.
გმირობიდან ტირანიამდე
ადრე ცხინვალში მის მიმართ რომანტიული განწყობები ჰქონდათ. მას გმირად აღიქვამდნენ, რომელიც მოროდიორებს უშიშრად ებრძოდა. 90-იანი წლებში პოლიტიკური დაპირისპირება მალევე გადაიზარდა მოროდიორობაში. აქ ბევრი იყო დაქირავებული ბოევიკი ან ძარცვის მიზნით ჩართული პირი.
როგორც JAMnew წერს:
„ერთხელ დუდაევების სახლში შეიჭრნენ. იმ დღეს ოჯახი საგვარეულო დღეობისთვის ემზადებოდა და ღმერთისთვის ხბოს შეწირვას აპირებდა. თავდამსხმელებმა მარიკის მამას ავტომატების კონდახებით სცემეს და ქვაბიდან მდუღარე წყალი გადაასხეს. ვლადიმირ დუდაევი იმ დღეს მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
დუდაევების უბედურება ამით არ დასრულებულა. რამდენიმე ხანში ქართველი ბოევიკები დაბრუნდნენ, მარიკის დედას სცემეს და ქალი მაგიდაზე მიაბეს, შემდეგ კი თვალწინ ქალიშვილი გაუუპატიურეს.
შემდეგ ჯერზე მაროდიორები დუდაევების ქონების წასაღებად მოვიდნენ. მთელი ნივთები სატვირთო მანქანაზე დააწყვეს, სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს.“
ასე დარჩნენ მარიკი და მისი უმცროსი ძმა ერიკი ქუჩაში. ისინი ჩრდილოეთ ოსეთში ნათესავებმა შეიფარეს. მაშინ მარიკი 16 წლის იყო. ყვებიან რომ ცხინვალში 5 წლის შემდეგ დაბრუნდა.
მარიკ დუდაევი 2004 წლის 16 მარტს ქართულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს. მის ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი იცავდა. დაკავების დროს მას რვა ტყვია მოხვდა. სამი ფილტვების არეში. თუმცა, ის გადარჩა და სასამართლომ 2015 წელს მას 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მაშინ გამოძიება აცხადებდა რომ დუდაევი მცხეთისა და თბილისის დამაკავშირებელი სარკინიზო ხაზის აფეთქებას ცდილობდა. თუმცა, საბოლოოდ ის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის, ყაჩაღობის, ძარცვის, პოლიციის მიმართ ძალადობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდების საფუძველზე გაასამართლეს. ბრალდების 16 პუნქტიდან ერთ-ერთი იყო, “იარაღის მითვისების მიზნით, ბესიკ თენაძის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა.”
გელა ნიკოლაიშვილმა მაშინ თქვა:
“მარიკ დუდაევი ნამდვილად მონაწილეობდა ბესიკ თენაძის მკვლელობაში, მაგრამ სხვა ყველაფერი – ის, რომ იგი კრიმინალური ავტორიტეტი და ქართველოფობია, სიმართლეს არ შეესაბამება.”
ციხეში ყოფნისას დუდაევი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა.
ამასობაში ხელისუფლება შეიცვალა და დუდაევს 2012 წლის საყოველთაო ამნისტია შეეხო. ციხიდან გამოსვლის წინ ის სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმაც მოინახულა:
“მარიკ დუდაევმა პატიმრობის 9 წელი უკვე მოიხადა და ვფიქრობ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ეს სასჯელი საკმარისია. ეს პროცესი მოლაპარაკებების დაწყებასა და ქართულ-ოსური დიალოგის გაღრმავებაში დაგვეხმარება,” – ასეთი იყო უჩა ნანუაშვილის განცხადება.
დუდაევი ცხინვალში გადავიდა და პოლიტიკაში ჩართვას გეგმავდა, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ ის 90-იანი წლების „რომანტიზმიდან“ ვერ გამოვიდა – გული მაინც იარაღისკენ მიუწევდა, გავლენის სფეროების გამო ყველასთან კონფლიქტი ჰქონდა.
საბოლოოდ, კი რქამდენიმე დღის უკან სოფელ არცევის კლუბში მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ის თანასოფლელის მიერ გასროლილმა ტყვიამ შეიწირა.
ნათია ნადირაშვილი
primetime.ge