“მეტრონომი”: სასამართლოდან
თბილისის სააპელაციო სასამართლოში კლუბ ”ბასიანის” დაჭრის საქმეზე პროცესი დაიწყო. საქმეს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი განიხილავს. 3 პირის დაჭრაში ბრალდებულია 1990 წელს დაბადებული თამაზ ქვლივიძე, რომელსაც საქალაქო სასამართლომ გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა. ბრალდების მხარემ გაასაჩივრა განაჩენი და ახლა პროცესი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.
ბრალდების მხარე მოითხოვს ქვლივიძის პატიმრობას აღკვეთის ღონისძიების სახით. მათი თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინოს განმეორებითი დანაშაული. ასევე მიიმალოს და არ გამოცხადდეს სასამართლო პროცესებზე, მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა და გაანადგუროს მტკიცებულებები. დაცვის მხარემ სასამართლოზე წაიკითხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილისა და შს მინისტრის მოადგილის, მეზვრიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და სასამართლოს პირდაპირ ზეწოლად მიიჩნია.
”დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ამ დღეებში გაკეთებული განცხადებები ჩუგოშვილის, მეზვრიშვილის განცხადებები პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება რეპუტაციულ ზიანს აყენებს სასამართლოს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ თქვენ ამ ზეწოლას გაუძლებთ, ბატონო მოსამართლევ”- მიმართა პროცესზე ქვლივიძის ადვოკატმა მოსამართლეს.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან და ბრალდების მხარე ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ადვოკატის თქმით, ბრალდებას არ აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დაზარალებულთა მიმართ მიყენებულ ჭრილიბებს. ასევე, მისი თქმით, საველიევს, ერთ-ერთ დაჭრილ პოლიციელს არ ეცვა პოლიციის ფორმა და ბრალდებულმა არ იცოდა, რომ ის პოლიციელი იყო. მისი თქმით, ყველა დაკითხული მოწმე ამბობს, რომ მას პოლიციელის ფორმა არ ეცვა. დაცვის მხარის თქმით, პროცესზე ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი არც ერთი ახალი გარემოება.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმის შესახებ რომ ძალაში დარჩეს ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისინი აქციებით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.
ავტორი: ნინო ცხადაია