სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიას“ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს.
„მკვლელმა დუდაევს სამჯერ ესროლა. მისი ცხედარი მშობლიურ სოფელ არცევში იპოვეს. სოფლის ყოფილი კლუბის ტერიტორიაზე მარეკ დუდაევს ფერმა ჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, მას თანასოფლელმა შენობის მეორე სართულზე, სუფრასთან ესროლა. დუდაევი ადგილზე გარდაიცვალა“, – ციტირებს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს „სპუტნიკი“.
ცნობისთვის, დუდაევმა ქართულ ციხეში 9 წელი გაატარა. ქართველმა სამართალდამცავებმა ის 2004 წლის 16 მარტს დააკავეს. 2005 წლის ნოემბერში, თბილისის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. სასამართლომ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა იგი 2013 წელს გაათავისუფლეს.