კლუბ ”ბასიანთან” მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატ ზაზა მესხსა და ”ბასიანის” დამფუძნებელ ნაჯა ორაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
”ძალიან არასწორი ფაქტი ხდება, როდესაც სასამართლოს გარედან აძლევენ დავალებას, თუ ვინ დაიჭირონ და რა გადაწყვეტილება გამოიტანონ. ეს არის დაშანტაჟება. უკეთესი იქნება მიხედოთ თქვენს დაქვემდებარებულ ღამის კლუბს. ნარკოტიკების გასაღება და ვაჭრობა ხდება”, – მიმართა მესხმა ორაშვილს.
თავის მხრივ, ორაშვილმა ქვლივიძის ადვოკატ ზაზა მესხს დაშანტაჟებაში დასდო ბრალი.
”დაშანტაჟება თქვენ მოაწყვეთ ზუსტად, რომ გირაოთი გამოვიდა ასეთი ბრალდების მქონე ადამიანი. სასამართლო თქვენ ჩაიდეთ ჯიბეში. მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს, რომ ასეთი ბრალდების მქონე ადამიანი იყოს გარეთ. სჯობდა შეფარდებოდა პატიმრობა აღმკვეთი ღონისძიების სახით და არც საზოგადოება აღელდებოდა, არც შსს და არც პროკურატურა. რაც ხდება კლუბში ყველამ, კარგად იცის, შსს-მაც, პროკურატურამაც და მთელმა საზოგადოებამ”, – განაცხადა ორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.