კლუბ ”ბასიანის” დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა ჟურნალისტებთან “ბასიანის საქმეზე” კომენტარი გააკეთა.
ორაშვილი მიიჩნევს, რომ თამაზ ქვლივიძის მიმართ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს და დამძიმდეს.
”როგორც მითხრეს, სასამართლო იყო დახურული. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეზე განხორციელდა ზეწოლა. არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, რომ ასეთი მუხლით ბრალდებული ადამიანი გათავისუფლდეს. ვინ აგებს ამ ადამიანზე პასუხს, რამე რომ მოახდინოს?! მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ არასწორი ბრალდებები წაუყენა ბრალდებულს. ბრალდებები უნდა გადაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.
ეს ადამიანი რომ მოხვედრილიყო კლუბში, ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანის სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ. დაცვის ერთ-ერთ წევრს ხელზე აქვს ნაკბენი. დაჭრილია დაცვის ორი წევრი. ერთი დაჭრილია თავის არეში, რომელსაც სამი ფენა ნაკერები ადევს თავზე. დაცვის ერთი წევრი გულთან ახლოს ხელშია დაჭრილი. ხელის არტერია აქვს გადაჭრილი და სისხლისგან გვეცლებოდა. დაიგვიანა სასწრაფომაც და ბევრი სისხლი დაკარგა. მესამე დაჭრილი არის პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც გადაეფარა ჩვენს დაცვის უფროსს. ქვლივიძე იყო კიდევ ერთ ადამიანთან, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მიესაჯა”, – განაცხადა ორაშვილმა.