რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში, იმ პირთა დაკითხვა მიმდინარეობს რომლებიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დროს ე.წ. „სტამბოლის ბაზრობის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები „სტამბოლის ბაზრობის“ მოვაჭრეების გამოკითხვას ადგილზეც აწარმოებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს, დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,
ქუთათელაძის ცხედარი გუშინ დაცვის თანამშრომელმა ნახა.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი იარაღით არის ჩადენილი.
სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.