ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ბასიანის“ დაცვის უფროსი დაჭრის დეტალებს იხსენებს

ღამის კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსი ზვიად მესხი 13 იანვარს მომხდარი დაჭრის დეტალებს იხსენებს. მესხის განცხადებით, კლუბში ორი ნასვამი ახალგაზრდა მივიდა, რომლებიც დაცვის თანამშრომლებისგან კლუბში შეშვებას ითხოვდნენ. მისი თქმით, ორივე მათგანი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და დაცვის წევრებს სიტყვიერ შეურცხყოფას აყენებდნენ. დაცვის უფროსი ამბობს, რომ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა.

მან და მისმა თანამშრომლებმა აგრესიული ახალგაზრდები კლუბის ტერიტორიიდან გაიყვანეს. სიტუაციაში გარკვევა დიდუბე-ჩოღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ სცადა და მას  მომხდარის შესახებ ეკითხებოდა, რა დროსაც, მისი აქნეული ხელი და ძახილი გაიგონა. უკან მობრუნებულმა კი პოლიციელის დასისხლიანებული ხელი დაინახა, რომელმაც დანით შეიარაღებული პირის მოგერიება სცადა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ის აღნიშნულმა პირმა თავში დაჭრა.

„მოვიდა ორი პირი, რომელთაც კლუბში შესვლა უნდოდათ. მათ უარი განვუმარტეთ. ნასვამები იყვნენ და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.  გადმოვიდნენ შეურაცხყოფაზე და გინებაზე, რაზეც ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ და ტერიტორიის დატოვება ვურჩიეთ.  თუმცა ისინი უფრო აგრესიულად იქცეოდნენ. ამის შემდეგ,  ტერიტორიიდან გავიყვანეთ. ადგილზე ბევრი ადამიანი ირეოდა.

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევმა სიტუაციაში გარკვევა სცადა და მეკითხებოდა რა მოხდა. სწორედ ამ დროს დავინახე პოლიციელის ხელის აქნევა და ყვირილი, უკან მივბრუნდი და დანით შეიარაღებული პირი დავინახე, რომელმაც პოლიციელი დაჭრა. ამის შემდეგ კი მივხვდი, რომ მეც თავში დაჭრილი ვიყავი. ამ შეხლა-შემოხლაში  ასევე,  ჩემი თანამშრომელი დაიჭრა, რომელიც ახალგაზრდისთვის დანის წართმევას ცდილობდა​“, – აცხადებს ზვიად მესხი “პირველ არხთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

 

 

იტვირთბა....