ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელფასებთან დაკავშირებით ცვლილებებია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შრომითი ანაზღაურების შესახებ ცვლილებებს აკრიტიკებს.

15 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შრომითი ანაზღაურება შეუმცირდათ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეების ნაწილს.

ორგანიზაციის ცნობით, გასულ წლის ანაზღაურებასთან შედარებით, ხელფასი შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს, სხდომის მდივნებსა და თანაშემწეებს. ამავე დროს, გაიზარდა სასამართლოების მენეჯერებისა და ბიუროს უფროსების შემოსავალი. ასევე, ყოველთვიური დანამატი 700 ლარიდან 1200 ლარამდე გაეზარდათ საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომელთაც ორგანიზაციის განცხადებით, თავიანთი დამატებითი ფუნქციის გათვალისწინებით სასამართლოში საქმეების განხილვის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

“ცნობილია, რომ სასამართლოს საქმიანობასა და მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თანაშემწეები და სხდომის მდივნები, რომელთა არსებული ანაზღაურებაც მათ ყოველდღიურ დატვირთვასთან შედარებით შეუსაბამოდ დაბალია.

მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში, სასამართლოების აპარატის თანამშრომლებისათვის ანაზღაურების კიდევ უფრო შემცირება, განსაკუთრებით საბჭოს წევრებისა და აპარატის ხელმძღვანელი პირების ანაზღაურების ზრდის ფონზე, უსამართლოა და წარმოადგენს საბიუჯეტო თანხების არასათანადო ხარჯვას, რაც უარყოფითად აისახება აპარატის თანამშრომლების სამუშაო მოტივაციაზე და სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე”, – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში.

იტვირთბა....