NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხების განხილვას, გენერალი და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე “მეტრონომთ” აფასებს.
მისი თქმით, სხდომაზე შეფასებული იქნება, როგორც გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე გლობალური მდგომარეობა. გენერლის აზრით, მთავარი აქცენტები რეგიონული, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის ჭრილში დაისმება. სალუქვაძე ამბობს, რომ ტრადიციულად საუბარი რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე იქნება.
“დიდი ალბათობით არსებით პაკეტთან დაკავშირებით დადებითი შეფასება იქნება. მეორე მხარეა ჩვენ რამდენად უნდა გვაკმაყოფილებდეს არმიის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების არსებული ტემპები, რეფორმების ხარისხი, გამომდინარე მზარდი საფრთხეებიდან?!
რთულია პროგნოზირება იქნება თუ არა რაიმე ახალ პაკეტზე საუბარი და რა დახმარებას შემოგვთავაზებს ნატო. ყველაზე კარგი დახმარება და ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცების საუკეთესო გზა იქნება, გადალახონ რუსეთის ფაქტორი და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება წევრობის შესახებ. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო მზადაა სრულფასოვანი წევრობისთვის, თუ გავაანალიზებთ წინა პრაქტიკას, ქვეყნებს არ ჩამოვთვლი. საქმე იმაშია, რომ გაწევრიანების დროში გაწელილი პროცესი, ასევე საფრთხის შემცველია და ამ პროცესის დაკონსერვება მხოლოდ საფრთხეს ზრდის.
იძაბება თურქეთის ურთიერთობები ევროპასთან და აშშ-სთან, რაც ჩვენზეც მოახდეს ზეგავლენას. თურქეთი ერთადერთი ნატოს წევრი მეზობელია. ამიტომ კარგი იქნება თუ ჩვენი დელეგაცია ამ საკითხებზე ვრცლად და ამომწურავად ისაუბრებს, რადგან ასეთი სხდომების გადაწყვეტილებები, დასკვნები, შეფასებები შემდეგ საგარეო პოლიტიკის კორექტირებისთვის გამოიყენება”,-აცხადებს “მეტრონომთან” სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ. ალიანსის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე, მათ სამხედრო მეთაურებთან ერთად, პარტნიორი ქვეყნების – საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სხდომას ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს.