ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინო ჯანგირაშვილი: “მივესალმები იმას, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო”

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების პროექტს გამოეხმაურა.

”პირველ რიგში მივესალმები იმას, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პრობლემის არსი ბოლომდე გაიაზრა. მეორე რიგში მე არ მინდა, რომ პარლამენტი ამას მიუდგეს, როგორც კონფრონტაციის საბაბს და ამ საკითხს შეხედოს ისე – ვინ ვის მოერევა. ამ ყველაფრის უკან მედიის და ქართული დემოკრატიის ინტერესები დგას. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გამოიყენებს ამ შანსს და გამოიყენებს ამ საკითხს კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ საკითხს კიდევ ერთხელ გადახედოს. მით უმეტეს, რომ საკითხის განხილვისას წამყვანმა კომიტეტმა, რომელშიც ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა უმრავლესობა, დაიწუნა ეს კანონპროექტი და პრეზიდენტს არაფერი უთქვამს იმის მეტი, რაც ამ კომიტეტმა თავის დასკვნაში თქვა. ანუ ”ქართული ოცნების” დიდი ნაწილი არ ემხრობოდა ამ კანონს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ამ შენიშვნებს. როგორც იცით, მედიის დიდი ნაწილი, პრაქტიკულად საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიც ეწინაღმდეგებოდა ამ ცვლილებებს. ჩვენ ვეცდებით, პარლამენტი დავარწმუნოთ, რომ გაიზიაროს ეს ვეტო. ეს არ არის რეალურად მხოლოდ პრეზიდენტის შენიშვნები, ეს არის მედიის შენიშვნები, ეს არის არასამთავრობო სექტორის საღი აზრის შემცველი შენიშვნები. უმრავლესობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს ამ კანონს.

ჩვენ ვაპირებთ ერთობლივი განცხადების გავრცელებას უახლოეს დღეებში. გვინდა ინდივიდუალურადაც, ჯგუფურადაც დაველაპარაკოთ მათ, შევხვდეთ, ვთხოვოთ შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან. გვინდა მათ ვთხოვოთ, რომ მოგვისმინონ, რათა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კარგი იქნება მედიისთვის. ამ გადაწყვეტილებით სინამდვილეში საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ზარალდება. შესაძლებელია უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის იქნება ნორმალური, შევეცდებით ამაში დეპუტატები დავარწმუნოთ”, – განაცხადა ჯანგირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარგველაშვილმა განაცხადა, მას შენიშვნა ორ ძირითად საკითხთან მიმართებით აქვს. პირველი რეკლამის თემას, ხოლო მეორე შესყიდვებს ეხება.

იტვირთბა....