“ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურატურა შურისძიებიდან ანგარების მუხლზე საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს, რაც 10-დან 18 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
“თუ გავითვალისწინებთ პროკურატურის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ის, რაც ოქროს შუალედი მოსამართლემ მოძებნა და შურისძიების გადაკვალიფიცირება მოახდინა ანგარებიდან, უნდათ რომ ისევ ანგარებაზე დაბრუნდეს და უნდათ, რომ ეს სასჯელი უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამჟამად, უკანონოდ რაც მიუსაჯა პირველი ინსტანციის სასამართლომ,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა, რომელიც დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა და დეკანოზი მოინახულა.
რამიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სააპელაციო სასამართლო სხდომებზე დასწრებას არ აპირებს. სააპელაციო სასამართლოში ე.წ.ციანიდის საქმის განხილვა 17 იანვარს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განზრახ მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.