საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი გოგაძის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა და უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს შეხვდა.
“მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, ექსტრადირების თემაზე სასაუბროდ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე კიევში იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინის მთავარ პროკურატურაშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ იური ლუცენკოსა და გიორგი გოგაძის შეხვედრის მიზანი სწორედ ექსტრადირების საკითხების განხილვა იყო.
შეხვედრა 12 იანვარს შედგა, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. ამასთან, სააკაშვილის გვარი ოფიციალურ განცხადებაში ნახსენები არ არის.
თუმცა, უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების თემა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება იყო.