„ყველა ის რეფორმა, რომელიც წინა პარლამენტმა განახორციელა, ახლა ვასიკო მაღლაფერიძემ და მისმა გუნდმა უნდა გადაატრიალოს, რადგან არ უნდათ ღიად აწარმოონ შესყიდვები. შესყიდვები, ეს არის კორუფციის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო და შესაბამისად, ის ღია კორუფციას უჭერს მხარს“, – განუცხადა „მეტრონომს“ თამარ კორძაიამ.
„რა თქმა უნდა, ვეთნხმები არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო ტელევიზიების წარმომადგენლებისა და მედიაექსპერტების იმ ნაწილს, რომლებიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას ემხრობიან. ყველა ის რეფორმა, რომელიც წინა პარლამენტმა განახორციელა, ახლა ვასიკო მაღლაფერიძემ და მისმა გუნდმა უნდა გადაატრიალოს, რადგან არ უნდათ ღიად აწარმოონ შესყიდვები. შესყიდვები, ეს არის კორუფციის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო და შესაბამისად, ის ღია კორუფციას უჭერს მხარს. იმიტომ, რომ არ სურს შესყიდვების კანონზე გამჭირვალობა გაავრცელოს იმ მაუწყებელზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვაფინანსებთ. რა თქმა უნდა, ეს უკანგადადგმული ნაბიჯია და სასურველია, რომ პრეზიდენტმა მას ვეტო დაადოს. რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოხდება იმის დოკუმენტირება, რომ ეს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნაში კორუფციამ გაიდგას ფეხი და საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიმორჩილოს და მისი ნების აღმსრულებელი გახადოს“, – აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის), ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.
გარდა ამისა, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.