“მეტრონომი”: სასამართლოდან
სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებულმა ოთარ აბესაძემ ჟურნალისტებთნ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მინდა მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რომელმაც სოლიდარობა გამოიჩინა ჩემ მიმართ. ასევე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას შექმნილი უხერხულობისთვის. აბსოლუტურად ყველაფრის ზედმიწევნით შესრულებას ვაპირებ რაც დამაკისრა სასამართლომ”- განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გათავისიფლებულმა ოთარ აბესაძემ ჟურნალისტებთან.
მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, აბესაძეს ჩამოართმევენ პირადობასა და პასპორტს.
საქმის პროკურორის თქმით კი, მოსამართლეს აბესაძე პატიმრობაში უნდა დაეტოვებინა. მისი განცხადებით, პატიმრობის შეცვლის საფუძველი არ იყო, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი იყო ისეთ დაიგნოზზე, რომლის მკურნალობაც სავსებით შესაძლებელი იყო პენიტენციური დაწესებულების პირობებში.
”საქმის ამ ეტაპზე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ბერკეტი არ არსებობს, თუმცა, აქვე განვმარტავ, რადგან აბესაძე პატიმრობოდან გაათავისიფლეს, არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის დამნაშავე. საქმის არსებითი განხილვა გრძელდება და ვფიქრობ, მოცემულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება”- აღნიშნა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, სასამართლო არ აკმაყოფილებდა შუამდგომლობას აღკვეთ ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გირაოს სანაცვლოდ, ოთარ აბესაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ავტორი: ნინო ცხადაია