ახალი ამბები ბლოგები მთავარი საზოგადოება სამართალი

კაპიტულაცია ნარკოტიკების წინაშე თუ ჩვეულებრივი ბიზნესი

ნარკოტიკების მომხმარებლებისა, და მათი ინტერესების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების  მიზანმამიმართულმა კამპანიამ შუალედურ მიზანს მიაღწია. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია. თუმცა, სწორედ იმ დროს, როდესაც ნარკომომხმარებელთა თემი და მათი ლობისტები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ, საპატრიარქო ლიბერალიზაციაზე კანონპროექტის შეჩერების მოწოდებით გამოვიდა. მეცნიერებათა აკადემიაში საკითხის განხილვამ გამოავლინა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტს ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგები ჰყავს და როგორც ჩანს, მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მღელვარების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტმა უკან დაიხია და კანონპროექტის კენჭისყრა გაურკვეველი დროით გადადო.

მოიკლებს თუ მოიმატებს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციით  ნარკომომხმარებელთა რაოდენობა? ჩემი მოკრძალებული აზრით, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე პრეტენზია არა აქვს, რაოდენობა მოიმატებს, არაერთი მიზეზის გამო. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ. მაგალითად, იმ ადამიანებს, რომელთაც სტრესიდან გამოსასვლელად ან უბრალოდ რელაქსაციისათვის ნირვანაში გადასვლა სჭირდებათ, უკვე უშიშრად შეეძლებათ ალკოჰოლის გარდა მარიხუანას, ან სხვა მსუბუქ ნარკოტიკს მიეტანონ. დიდია ალბათობა, რომ „ნარკოკაიფის“ გემოს გაგების შემდეგ მისი მიღება ჩვევაში გადაეზრდებათ და ნარკომომხმარებლად ჩამოყალიბდებიან. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს თუ როგორ არის ფეხმოკიდებული და გავრცელებული ჩვენში ნარკომანიაში „ჩათრევა-ჩაყოლის“ პრაქტიკა. მარიხუანის დეკრიმინალიზაცია კი დიდი ალბათობით ახალ სტიმულს მისცემს როგორც ნარკომომხმარებელს, ისე ჩათრევის ობიექტს.  ვინ და როგორ დაიცავს ამისგან თუნდაც ბავშვებს, ან გამოუცდელ მოზარდებს, რომელთა წაცდენა უკვე დეკრიმინალიზებულ „მოწევაზე“ უკვე აღარ იქნება რთული.

განსაკუთრებული გამჭრიახობა არ სჭირდება იმის პროგნოზირებას, რომ  მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე პროცესი არ გაჩერდება და გარკვეული ხნის მერე მას მოჰყვება ასეთივე ხმაურიანი კამპანია უკვე ნარკოტიკების გავრცელების დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის მოთხოვნით. სწორედ აქ ჩნდება კითხვა და ეჭვი, ხომ არ აქვს ადგილი ინტერესთა დამთხვევას და ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლის მცდელობას. კერძოდ კი ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციის და საერთაშორისო ტრენდთან დაახლოების კეთილშობილური საფარის ქვეშ გარკვეულმა ჯგუფებმა საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი ააწყონ დიდი ფინანსური მოგება ნახონ. მითუმეტეს, რომ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები ხელთ აქვთ.

მსოფლიოში, განსაკუთრებით ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყნებში, აქტიურად მკვიდრდება მიდგომა, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია ეკონომიკურ კატეგორიაში გადაიყვანონ,და ამით უშველონ ქვეყნის ეკონომიკას. დღეს  ნარკოტიკების ლეგალიზაციიდან მიღებული შემოსავლები, ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს შეიძლება შეედაროს.

მართლმადიდებლური საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყნის გვარიანად შერყეულ ეკონომიკას სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანის გამრავლებით უშველოს და ამ საქმეში უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს. მარიხუანის კულტივირება უკვე საწარმოო მასშტაბებში მოხდება და მარიხუანას მწარმოებელი ინვესტორები უკვე დაინტერესდნენ ამ ინიციატივით. სპეციალისტებმა უკვე დაითვალეს რომ მარიხუანას დამამზადებელი 10-15 სათბურისგან შემდგარ ერთ კომპლექსს 400-მდე სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. საბერძნეთშიც და საქართველოშიც მარიხუანის დამზადებისათვის შესანიშნავი კლიმატური პირობებია. სხვათა შორის, ნიშანდობლივია ნარკოტიკებზე ახალ კანონპროექტში ნარკოგამავრცელებლებზე დაწესებული სასაცილოდ მცირე ჯარიმები, რაც მათთვის რომ იტყვიან „ერთი გადაფურთხებაა,“ და ვერანაირად ვერ შეზღუდავს ნარკოტიკების ბრუნვას, თუ ხელს არ შეუწყობს.

ნარკოტიკებზე ახალი კანონპროექტი ძალიან სუსტია, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის, ისე ნარკოტიკებთან და მათან ასოცირებულ სუბკულტურის მიუღებლობის დამკვიდრების კუთხით.

საინტერესოა, დაწესდება თუ არა შეზღუდვები კანაფის/მარიხუანას სიმბოლიკიანი აქსესუარების და საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება გაყიდვაზე?! ასევე ბუნდოვანია როგორ შეებრძოლება სახელმწიფო ონლაინ-მესინჯერით და თანამედროვე გადახდის მეთოდებით ნარკოტიკების გაყიდვა-შეთავაზებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზიით დაწყებულ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას აუცილებლად ექნება გაგრძელება. სხვაგვარად, დეკრიმინალიზაცია მისი ბენეფიციარებისათვის აზრს კარგავს. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ის საკანონმდებლო გამარჯვევები (მაგ. საკონსტიტუციო სასამართლოც ცნობილი გადაწყვეტილება), რაც მისმა ლობისტებმა მოიპოვეს,  უბრალოდ აიძულებს მთავრობას გარკვეული დროის შემდეგ გადადგას მორიგი ნაბიჯი და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მთელ საკანონმდებლო პაკეტს გადახედონ ლიბერალიზაციის კუთხით.

თუმცა, როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებენ, ამ მიმართულებით ძალზე შორს შეტოპვას  მთავრობა და პარლამენტი ერიდებიან. სავსებით ცხადია, რომ ამით ისინი როგორც მინიმუმ, თავიანთი ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს მოიმდურებენ, როგორც მაქსიმუმ, კი საპროტესტო აქციებისთვის შექმნიან ნოყიერ ნიადაგს

 

P.S. სხვათა შორის, დანიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 იანვრიდან ექიმებს სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანის გამოწერის ნება დაერთოთ ქრონიკული ტკივილებისგან შეწუხებული პაციენტებისათვის, რომლებზედაც ჩვეულებრივმა ტკივილდამაყუჩებლებმა გავლენა ვერ იქონიეს. და კიდევ, 1993 წელს შვედეთის ინიციატივით, სადაც ნარკოტიკებზე კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში, დაარსდა მოძრაობა „ევროპული ქალაქები ნარკოტიკების წინააღმდეგ“ (European Cities Against Drugs, www.ecad.net ).

ზაალ ანჯაფარიძე

 

 

 

იტვირთბა....