„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ არსებულ კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როდესაც კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, მისი შეჩერება არასწორია.
„კანონპროექტის განხილვას აქვს თავისი ვადები. ამ პროცედურების დროს ხდება სხვადასხვა დაინტერესებული პოზიციის, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლის, მოსმენა. სწორედ აქ უნდა მომხდარიყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ახლა, როდესაც კანონპროექტი უკვე შეტანილია, მისი შეჩერება არასწორია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყანაში არებული პრაქტიკა – ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების მრავალი წლით ციხეში გაშვება. ხშირ შემთხვევაში ამ ბრალდებას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ, შანტაჟი და ა.შ. პარლამენტარებს შეუძლიათ კონსულტაციები გაიარონ მანამ, სანამ პოზიციას ჩამოიყალიბებენ“, – აცხადებს წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა მოეწყოს ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს ”.
ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა კანონპროექტის მიღება გადაიდოს.