საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს, ბორდის მიერ წაყენებული ულტიმატუმი ამოეწურა.
ბორდი მაღლაფერიძისგან წერილობით პასუხს ელოდება და ახსნა-განმარტებას ითხოვს, როგორ მოხვდა “მოამბის” ეთერში შსს-ს ვიდეომასალა, რომელიც მობილური ტელეფონით იყო გადაღებული პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც ბორდის წევრმა ქეთევან მსხილაძემ განაცხადა, მაღლაფერიძემ ბორდს მხოლოდ ის მისწერა რომ ის მზად არის შეხვედრისთვის, სხვა მათ კითხვებზე პასუხი არ გაუცია. მსხილაძის განცხადებით, ბორდი მაღლაფერიძეს სავარაუდოდ მომავალ კვირას შეხვდება, თუმცა ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან მსხილაძის განცხადებით, ბორდს კვლავ არ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რა გზით მოხვდა სამინისტროს მასალა “მოამბის” ეთერში.
“იმის ნაცვლად, რომ მოეყოლა თუ როგორ მოხვდა მასალა ეთერში, მოგვწერა რომ მზად ვარ შეგხვდეთ და გაგესაუბროთო. არ მგონია, რომ ეს იყოს ადეკვატური პასუხი იმაზე, რაც ჩვენ მოვითხოვეთ. შეხვედრა მომავალ კვირას დაინიშნება, თუმცა მაინც მიმაჩნია, აუცილებელია ჯერ გამოგვიგზავნოს წერილობით აღწერა ყველაფრისა რაც ჩვენ მოვითხოვეთ და მერე შევხვდეთ, რადგან როგორც წესი, როცა შეხვედრაზე მიდიხარ, მანამდე უნდა გქონდეს ინფორმაცია, რადგან ამ ინფორმაციამ შესაძლოა გაგიჩინოს დამატებითი კითხვები, ან პირიქით, არ გაგიჩინოს.
მე უკვე მივწერე საბჭოს წევრებს, რომ აუცილებელია წერილობით მოხსენება და მერე დაინიშნოს ეს შეხვედრა – ვნახოთ რას გადაწყვეტენ. სულ მცირე უცნაურია ის, რომ მაღლაფერიძეს ამ ერთი აბზაცის მოსაწერად- რომ მზად არის შეგვხდეს – ერთი კვირა დასჭირდა. დაველოდოთ შეხვედრას, საინტერესოა რა არგუმენტებით მოვა. ამიტომ გვინდოდა წერილობით მოხსენება, რომ მოვა და მოგვაყრის თავის არგუმენტებს, ალბათ ჰგონია, რომ ასე აჯობებს მისთვის, თუმცა მე არ მგონია. ” განაცხადა ქეთევან მსხილაძემ “პირველ რადიოსთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოეტ ზურაბ რატიანის და პოლიციელების დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს.
მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გარდა ამისა, მისი თქმით, გზაში მას კიდევ სცემეს.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი სასამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.