ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კეზერაშვილი ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზეც გამართლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლა.  ამჯერად საქმე ბიზნესის უკანონო ჩამორთმევას ეხებოდა. მოსამართლე ნინო ნაჭყეპიას გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ბრალის წარსადგენად საკმარისი არ გამოდგა.

პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ბიზნესის უკანონოდ ჩამორთმევას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, გადაწყვიტა, გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი. ნიჟარაძეებზე რამდენიმედღიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის შემდეგ, მათ კეზერაშვილს ქონება გადაუფორმეს.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დავით კეზერაშვილი სრულად გამართლდა, –  ამის შესახებ კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა განაცხადა. მის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

ადვოკატი ამბობს, რომ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე  ნინუას მიმართ, რომელიც ამ საქმეზე დავით კეზერაშვილთან ერთად იყო ბრალდებული. ნინუას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიით სასჯელი შეუმცირდა, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა ჩაეთვალა და დამატებითი თავისუფლების აღკვეთა აღარ მოუწევს.

კეზერაშვილს და ნინუას 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის ბრალი 3 წლის წინ წარუდგინეს. ბრალდების მტკიცებით,  5 მილიონამდე თანხა წვრთნების ჩატარების მიზნით გამოიყო, თუმცა წვრთნები არ ჩატარებულა.

 

 

 

იტვირთბა....