“საიას” იურისტი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შესაძლოა შეწყდეს. ამის შესახებ მან “მეტრონომს” განუცხადა. პროკურატურა საქმეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებდა.
ოჯახის და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სისხლის სამართლის ადვოკატის ლევან ვეფხვაძის თქმით, დაკავების კადრების გადაღება არ მომხდარა.
როგორც იურსიტი აღნიშნავს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით ამ ეტაპზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მტკიბულებები არ არსებობს, რომ ვინმეს დანაშაულის ნიშნები იყოს გამოკვეთილი, ამიტომ მას აქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა გამოძიებას შეწყვეტს.
თუმცა ვეფხვაძის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გენერალურმა ინსპექციამ არ შეისწავლოს.
“იმიტომ,რომ ეს ორი სტრუქტურა სხვადასხვა სტანდარტებს ხელმძღვანელობს და თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის არ არის საკმარისი მტკიცებულებები, სამაგიეროდ გენინსპექციას შეუძლია უფრო დაბალი სტანდარტით შეამოწმოს თუ რატომ არ მოხდა ვიდეოგადაღება. გარდა ამისა, პოლიცია მოიქცა თუ არა სათანადოდ, როცა პაატა პავლიაშვილი აცხადებდა, რომ ის ცუდად იყო.
ჩვენ ამ შემთხვევაში ჯერ დაველოდებით პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილებას და მერე უკვე ოფიციალურად მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას”- აღნიშნა “მეტრონომთან” ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ცუდად იყო, თუმცა მათ არ გაითვალისწინეს. პაატა პავლიაშვილი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტს გულისხმობს.