ახალი ამბები მთავარი სამართალი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ნახევარ მილიონს მიაღწია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ნახევარ მილიონ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ავრცელებს.  მისი თქმით,  გუშინ ძლიერმა ქარმა გარდაბნის სოფლებში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენები.

„სპეციალური კომისია გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეცნობოდა სოფლებში შექმნილ მდგომარეობას, დღეს დილიდან კი აქტიურად მიმდინარეობს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა.

წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულმა ზარალმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 500 ათას ლარამდე შეადგინა. ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ოქმების შედგენის შემდეგ, უკვე აქტიურად დავიწყებთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას“, – განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი სოფელ სართიჭალაში ე.წ გარადოკის მოსახლეობას მიაყენა, სადაც საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა. იგივე მოხდა სოფელ ვაზიანშიც. სოფელ კალინინოში და გამარჯვებაში ქარმა დააზიანა ბუნებრივი აირის მილები, ვახტანგისში, აღთაკლიაში, ყარაჯალარში, ყარათაკლიაში, მარტყოფში და ნორიოში კი – ელექტროგადამცემი ხაზები.

 

იტვირთბა....