თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, საქმეში გარკვეული დეტალები ბუნდოვანია.
„ჩვენ გვქონდა გარკვეული პრეტენზია ბრალდების მიერ წარმოდგენილ გარკვეულ მტკიცებულებებთან. სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, თუ რა მოცულობით ცნობს დასაშვებად ამ მტკიცებულებებს.
მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება. მტკიცებულებები ვერ პასუხობს უამრავ შეკითხვას. დეტალები გაურკვეველი და ბუნდოვანია. კითხვები უკავშირდება კონფლიქტში მონაწილე ადამიანების რაოდენობას და ცივი იარაღის რაოდენობას“, – განაცხადა კაკაბაძემ.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება. სხდომა ისევ წინასასამართლო რეჟიმში წარიმართება. დღეს გადაწყვეტს სასამართლო, მიიღებს თუ არა მხარეების მტკიცებულებებს. დაცვის მხარე მათ დაუშვებლად ცნობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.