“ნათელი გახდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ” – ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დასადგენია, რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც სპეცრაზმმა გამოიყენა, დასადგენია, მოხდა თუ დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაჭრილი მაჩალიკაშვილისთვის.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნის.
“დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ და ცხადია, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას იმისთვის, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იყოს დაცული.
ამ საქმეში პრობლემურია, როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე, პრობლემურია დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი უშუალოდ დაჭრის ეპიზოდში და მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში მისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის პრობლემა. ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით დეტალურად და ცხადია, საბოლოო სწორება იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს ამ საქმეზე, ჩვენ გვაქვს სწორედ ადამიანის ევროპულ სასამართლოში,“ – განაცხადა თამთა მიქელაძემ.