„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში თურქეთის ქალაქ ტრაბზონში დაკავებულ გოჩა საგინაძეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. მის მეუღლეს კი თურქეთიდან დეპორტაცია ელოდება. ამის შესახებ „მილიეტი“ წერს.
გამოცემა იუწყება, რომ გოჩა საგინაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია ფოტომასალა, რომელიც სირიაში ტერორისტულ საქმიანობაში მის მონაწილეობას ადასტურებს.
სუს-ის მიერ დაახლოებით ორი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცველებმა, 26 დეკემბერს, ტრაპიზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე, გოჩა (ალი) საგინაძე დააკავეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებული ტერორიზმთან კავშირში არის მხილებული.
“თურქმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები ამოიღეს. თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან”, – აცხადებენ სუს-ში.