სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავეს. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა, როგორც ცნობილია, სუს-ის წარმომადგენლებმა სახლიდან ლეპტოპი წაიღეს.
დაკავებული ზურაბ იდოიძის მეზობლების განცხადებით, ის სრულიად უდანაშაულოა.
„სულ მთლად უდანაშაულოა, ამ ორ დღეში ცოლ-შვილთან, კანადაში აპირებდა წასვლას“, -განუცხადეს ჟურნალისტებს იდოიძის მეზობლებმა.
ასევე მეზობლები აღნიშნავენ რომ იდოიძე თურქეთში თხილის საკრეფად დადიოდა და მას ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია.
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სუს-ში.