ტოტალიზატორ „ევროპაბეთიდან“ 165 000 ლარი გაიტაცეს. თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 იანვარს თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის – „ევროპაბეთის“ შენობაში შეიჭრნენ, მოლარეს იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ე.წ. „სტარტოვკა“, მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, რომელიც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს და ნივთები, რომლებიც, პირველადი ინფორმაციით, გატაცებული თანხით არის შეძენილი.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.