აფხაზეთის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას მიმართ შესაძლოა შურისძიება განხორციელდეს. ამის შესახებ ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ.
ოპოზიცია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ლუკავას დასაცავად, რადგანაც მის ხელყოფაში რუსეთის ხელისუფლებაა დაინტერესებული.
„გიორგი ლუკავა თავისი საქმიანობიდან და წარსულიდან გამომდინარე არის ადამიანი, რომლის უსაფრთხოების ხელყოფაშიც დაინტერესებულია რუსეთი. საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იმისა, რომ გიორგი ლუკავას ნაირი ადამიანების უსაფრთხოების გარანტიები აიღოს თავის თავზე. როგორც თავად ლუკავასი, ასევე მისი ოჯახის წევრების,” – განაცხადა “ენმ”-ის წევრმა კოტე იოსელიანმა.
“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ლუკავას უსაფრთხოება.
„შემაშფოთებელია, რომ იგი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. უნდა მოხდეს დადგენა, რამდენად აქვს საფუძველი მის განცხადებას და თუკი საფუძვლიანია ეს განცხადება, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონკრეტულად ამ მოქალაქის, ბატონი ლუკავას უსაფრთხოება,“ – აცხადებს კანდელაკი.
„ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ გიორგი ლუკავამ დაცვის გამოყოფის მოთხოვნით ოფიციალურ უწყებებს უნდა მიმართოს.
„რა თქმა უნდა, ქვეყანამ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მისი მოქალაქეები იქნეს დაცული, მაგრამ მეორეს მხრივ მხოლოდ ვარაუდებზე გამოთქმული საფრთხეების წინაშე ბრძოლა ცოტა ძნელია. ამიტომაც, თუკი შესაბამისი კომუნიკაცია მოხდება სამართალდამცავ ორგანოებთან, მეტად იქნება ნებისმიერი ადამიანი დაცული, ვის მიმართაც რაიმე სახის საფრთხეები შეიძლება არსებობდეს,“ – ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი.
გიორგი ლუკავას მტკიცებით, მისი ლიკვიდაციით არა ერთი მხარეა დაინტერესებული და დარწმუნებულია, რომ ციხიდან გათავისუფლების გამო ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული პროტესტი შურისძიებას მხოლოდ დააჩქარებს.
7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 25 დეკემბერს სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. მაშინ ლუკავამ თქვა, რომ ის ციხიდან არავის სანაცვლოდ არ გაუთავისუფლებიათ.
გიორგი ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს.
სეპარატისტები და ოკუპანტები ლუკავას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევდნენ და 1994 წელს სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაიღუპნენ, ასევე – გუდაუთაში მკვლელობებშიც.
აფხაზეთში, მის გათავისუფლებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.