იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი და არ უნდა დაექვემდებაროს არავითარ კონტროლს. ამის შესახებ წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების შეწყალებაზე კონტროლი უკვე განახორციელა მართლმსაჯულების ისეთმა ორგანომ როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო.
“ჩვენ ბოლო დღეებში ბევრი რამ მოვისმინეთ, თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი, არის აბსოლუტური და ის არ უნდა დაექვემდებაროს არავითარ კონტროლს საზოგადოების, ან თუნდაც მართლმსაჯულების მხრიდან, რასაც მე ვერ ვიზიარებ. სააკაშვილის მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენების კონტროლი უკვე განახორციელა ისეთმა მართლმსაჯულების ორგანომ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო.
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება ამ საქმეზე იყო საოცარი, თუ გნებავთ, შოკისმომგვრელი,რადგან როდესაც საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას, ამ საქმეზე იხდიან სასჯელს პატიმრები, იქ შეწყალების უფლება არ უნდა გამოყენებულიყო.
ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომ, დაეყრდნო რა თურქულ პრეცედენტებს მსგავს საქმეებზე. აქედან გამომდინარე, დიახ, პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, ვერანაირი ე.წ. მსუსხავი ეფექტი ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ექნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის აპრილში ევროსასამართლომ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტის „არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა” მსჯავრდებულთა მიმართ – პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაკავებულებს 2008 წელს სასჯელი გაუნახევრდათ, 2009 წელს კი ოთხივე მათგანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
სარჩელი „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის ზაფხულში შევიდა. გირგვლიანის ოჯახი ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის – სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევის აღიარებას, ასევე სახელმწიფოსგან 300 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას მოითხოვდა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს დაზარალებულთა სასარგებლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ყურადღება ასევე საქმის გამოძიებისას და სასამართლოში განხილვის დროს დაშვებულ დარღვევებზე გაამახვილა.
ევროპის სასამართლომ, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, გირგვლიანის საქმეში დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების სრულად და დროულად წარდგენა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა. სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.