Bitfury ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ეფრემ ურუმაშვილი იმ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დენის ტარიფი ბიტკოინის ქარხნის გამო გაიზარდა, რადგან ის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს.
ეფრემ ურუმაშვილი აღნიშნავს, რომ ოპერირების დაწყებიდან დღემდე კომპანიას არანაირი შეღავათით და პრივილეგიით არ უსარგებლია და ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა.
„Bitfury ჯგუფი თვლის საჭიროდ გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ სრულიად უსაფუძლო განცხადებებს. არ დავმალავ, განსაკუთრებით გულსატკენია ამგვარი განცხადებების მოსმენა პოლიტიკოსებისგან, რომელთაც ინტელექტზე აქვთ პრეტენზია, თუმცა, საშობაო პერიოდია და გვესმის ყველაფერი.
მსურს ღიად დავაფიქსირო ოფიციალური პოზიცია, რომ კომპანია Bitfury, რომელიც უმსხვილესი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა(თითქმის 1 მლრდ კაპიტალიზიაციით) 2014-2015 წწ “ბიტფიური ჯგუფი” სარგებლობდა სესხით “თანაინვესტირების ფონდიდან”,რომელიც 2015 წელს ჩანაცვლდა “საქართველოს ბანკისგან”(BOG) მიღებული საბანკო სესხით, ვისთანაც დღემდე ვიმყოფებით ფინანსურ-საქმიან ურთიერთობაში.
ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის მსგავსად,საქართველოში “ბიტფიური ჯგუფი” ფლობს მაინინგის ცენტრებს, თუმცა, პოლიტიკოსებს შეეძლოთ მოეკითხათ და მიიღებდნენ ინფორმაციას, რომ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება(იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის(გლდანის რაიონში მდებარე)თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი.
რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებს და შესაძლოა პრივილეგიებს, რაზეც ჩვეულად და თავის სტილში აპელირებენ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი: აქაც მთელი პასუხისგებლობით მსურს განვაცხადო,რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არცერთერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არ უსარგებლია არანაირი პროვილეგიით ან შეღავათით და ამის დასტურად, ამ კვირის ბოლომდე კომპანია “ბიტფიური” გამოაქვეყნებს ყველა გადახდის (იანვრის და დეკემბრის მდგომარეობით) ქვითრებს,რომლითაც ყოველთვიურად ხდება ანგარიშსწორება(კომუნალური გადახდები) ელექტრონერგიის საფასურზე,რითაც ბოლო მოეღება სრულიად უსაფუძვლო განცხადებებს რაიმე ტიპის ეკონომიკურ შეღავათებზე საქართველოში.
მეტიც,“ბიტფიური ჯგუფმა” იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან განახორციელა ბლოქჩეინში საკუთრების რეგისტრაციის მსოფლიოში პირველი უპრეცედენტო პროექტი,რომელიც რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა, რაც სრულიად უსასყიდლოდ მოხდა კომპანიის მხრიდან. პროექტის უპრეცედენტო მასშტაბებზე და საქართველოზე, როგორც უმთავრეს ნოვატორ ქვეყანაზე ბლოქჩეინში სახელმწიფო სერვისების განთავსებით მთელი 2017 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა პუბლიკაციები და მზადდებოდა ანალიტიკა მსოფლიოს ისეთ აღიარებულ გამოცემებში,როგორიცაა Financial Times, Forbes, Nasdaq, The Economist და სხვები. განსაკუთრებით მსურს ავღნიშნო, რომ ბიტფიურის მიერ განხორციელებული ეს პროექტი საქართველოს სახელმწიფო საჯარო რეესტრთან(NAPR) ერთად გახდა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ინტერესის საგანი, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი უნივიერსიტეტის სტუდენტები გაეცნობიან”,- აცხადებს ეფრემ ურუმაშვილი.
შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” წევრები საქართველოში დენის ტარიფის ზრდას გლდანში განთავსებულ ბიტკოინის ქარხანას უკავშირებენ. მათი განმარტებით, სპეციალურად, ექსპრემირ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის შეიქმნა თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თანაც კომპანიას მიწა ერთ ლარად გადაეცა.
როგორც სერგო რატიანი აცხადებს, კომპანია არ იხდის ქონებისა და მოგების გადასახადებს. ასევე, აღნიშნული საწარმო ელექტროენერგიას სამომხმარებლოზე გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობს, მაშინ, როდესაც საწარმოს ენერგო მოხმარება 40 მეგავატზე მეტია.
აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი საბოლოდ სწორედ სამომხმარებლო ტარიფს დააწვა და “სემეკიც” იძულებული გახდა დენი მოსახლეობისთვის გაეძვირებინა.