ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის ადვოკატის ბრალდებები: ” საავადმყოფოში შერჩევის პრეროგატივა ხელში  სუს-მა ჩაიგდო”

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის  საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში  სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა ჩაიგდო, რომლებიც ცდილობენ, რომ მისი გადაყვანა არა ევროპის,  არამედ თურქეთის საავადმყოფოში მოხდეს.

ჯავახიშვილის თქმით, გერმანულმა კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის მომდევნო მკურნალობის ღირებულების შესახებ დოკუმენტაცია გამოუგზავნა, რაც უწყებამ არ გაასაჯაროვა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ რომელ ევროპულ კლინიკებთან ჰქონდათ  კომუნიკაცია.

ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ სუს-ის დამსახურებაა, რომ გერმანულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ამ კლინიკაში ადგილები არ იყო ტყუილია.

„ჩვენ მოვთხოვეთ კონკრეტულად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელ ევროპულ საავადმყოფოებს გადაუგზავნა თემირლან მაჩალიკაშვილის მონაცემები და მოსთხოვა მიღება. აქედან, რომელმა საავადმყოფოებმა განაცხადეს თანხმობა ან უარი, ნებისმიერი პასუხი, რაც მათგან იქნა მიღებული, ყველა დოკუმენტაციის მიღება გვსურს ჩვენ…

ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა, რომლებიც იქ არა ერთი მუშაობენ. აქედან ვაცხადებ მე, გრიფით საიდუმლო კი არა, ცხრაკლიტულში რომ ჩაკეტონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, მაინც ვიტყვი იმას, რატომ გამოამზეურა ორი წლის წინანდელი ჩანაწერი ამ უწყებამ,“ – განაცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა.

მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა. მაჩალიკაშვილის ოჯახის ინფორმაციით,  ერთი კლინიკა ოჯახმა მოიძია, ხოლო მეორესთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა.

ახლა ოჯახის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, სად გააგრძელებს დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას. ისინი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე თანხმობის პასუხს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ  პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.

 

იტვირთბა....