ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა

ჩაფლავდა თუ არა „კვერცხების რევოლუცია“

ბრუნდება თუ არა „ფერადოვანი რევოლუციების“  მეშვეობით მსოფლიოში დემოკრატიის გავრცობის სტრატეგია? ამაზე პასუხს ალბათ უახლოეს მომავალში მივიღებთ. დეკემბრის ბოლოს, ირანში დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა, სხვა კითხვებთან ერთად, ეს კითხვაც გააჩინა, რომლის აქტუალობაც გაამძაფრა 3 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის განაცხადებამ, რომ აშშ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს საგრძნობ მხარდაჭერას გაუწევს, როდესაც შესაფერისი დრო დადგება. შესაფერისი დროის დადგომამდე ვაშინგტონში, ალბათ მოცდა მოუწევთ. სპონტანურად ორგანიზებული პროტესტი გამოკვეთილი ლიდერების გარეშე, ხელისუფლებამ და მისმა ელიტარულმა სამხედრო ფორმირებამ „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა“ საკმაოდ სწრაფად გაანეიტრალა და დღეს ირანის ქალაქებში სადაც ადრე საპროტესტო აქციები მძვინვარებდა, ხელისუფლების  მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.  ირანის ხელისუფლებამ როგორც მოსალოდნელი იყო მომხდარში აშშ, ისრაელი, ინგლისი და საუდის არაბეთი დაადანაშულეს.  ხანმოკლე დათბობის შემდეგ ირანის და აშშ-ს ურთიერთობები კვლავ უკიდურესად გამწვავდა.

საპროტესტო აქციები

ირანის საპროტესტო აქციებს, რომლებიც ლამის „კვერცხების რევოლუციად“ მოინათლა. ადრინდელისგან იმით განსხვავდებოდა , რომ მათ მოკლე დროში მოიცვეს რამდენიმე ქალაქი, რაც ირანში 1979 წლის რევოლუციიდან მოყოლებული არ მომხდარა. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს წინასწარი სამზადისის და კოორდინაციის შედეგი, თუ უბრალოდ დომინოს ეფექტი. საგულისხმოა ისიც, რომ მომიტინგეთა ლოზუნგები ეკონომიური პირობების კრიტიკიდან საკმაოდ სწრაფად გადაიზარდა ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიისა და საგარეო პოლიტიკის კრიტიკაში.
მართლაც, დიდი გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები (2009 წელს ირანელებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს) კვერცხზე ფასების მატებამ გამოიწვია.  ცნობისათვის, 10 კვერცხი ირანში სულ რაღაც 17 ცენტი ღირს,  და $ 261 მინიმალური ხელფასის პირობებში, ეს არც ისე მაღალი ფასია, თუ გავითვალისწინებთ კვერცხზე ფასებს სხვა ქვეყნებში, თუნდაც ჩვენთან, სადაც 10 კვერცხის ფასი დაახლოებით $ 1.4.

შესაძლოა კონსპიროლოგობა დამაბრალონ, მაგრამ  ე.წ. „გარეშე ხელი“ ამ ყველაფერში მაინც იკითხება, რადგანაც ამ ყველაფერს ფინანსური, ორგანიზაციული და ბევრი სხვა რესურსით უზრუნველყოფა სჭირდება.

ეკონომიური მოთხოვნები მხოლოდ ფონი აღმოჩნდა, რათა საპროტესტო აქციებზე მასები მოეზიდათ. უკვე დადგენილია, რომ ამ მასას, რომელსაც ეკონომიკურის გარდა სხვა არავითარი მოთხოვნები არ გააჩნდა, ოსტატურად შეერივნენ მომზადებული ჯგუფები, რომლებიც ბრბოში გადაადგილდებოდნენ, პოლიტიკურ ლოზუნგებს და მოთხოვნებს აჟღერებდნენ და ამით ხალხს „ქოქავდნენ“ უფრო ინტენსიური ქმედებებისათვის. თუმცა, აქციები არც ისე ხალხმრავალი აღმოჩნდა, როგორც ეს ტელეეკრანებიდან ჩანდა და სხვადასხვა მონაცემებით, 15 000-ს ვერ გადააჭარბა, რაც  ირანისათვის, რომ იტყვიან, ზღვაში წვეთია.

როგორც აღვნიშნეთ, საპროტესტო აქციებს არ გამოუჩნდა ლიდერი და მათ ვერ იპოვეს ღია მხარდაჭერა ირანის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტის  მხრიდან. რაც მთავარია, გამოკვეთილი და ხალხში პოპულარული ლიდერის გარეშე,  საპროტესტო აქციები დიდხანს ვერ გაძლებდა.

ირანის საპროტესტო აქციებში გარე ძალების ჩართულობაზე მეტყველებს ისიც რომ უკმაყოფილოებისა და მარგინალური ჯგუფების გარდა იქ „ერთ ქვაბში“ აღმოჩნდნენ ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული ირანული ქურდისტანის და ბელუჯისტანის სეპარატისტები, სუნიტი ექსტრემისტული დაჯგუფებები, კონსერვატორები, ლიბერალები, მონარქისტები და პაციფისტები. ამიტომაც იყო ასეთი განსხვავებული ლოზუნგებიც სირიის კონფლიქტში მონაწილეობის შეწყვეტიდან დაწყებული შაჰ რეზა პეხლევის დინასტიის წარმომადგენელთა ტახტზე აღდგენით დამთავრებული.

სხვათა შორის, ირანის ხელისუფლების პრაგმატული რეაქცია საპროტესტო აქციებზე, შეიძლება სხვებისთვის მაგალითადაც გამოდგეს, როდესაც თავიანთ ქვეყნებში   „ფერადოვან  რევოლუციებთან“  მოუწევთ შეხება.

პრეზიდენტმა ჰასან რუხანიმ  განაცხადა, რომ „ამბოხებულთა მცირე ჯგუფს თავად ხალხი მიხედავსო.“ თუმცა, იქვე დაამატა, რომ მომიტინგეთა ზოგი მოთხოვნა „გამართლებულია“ და ჩვენი კონსტიტუცია ყველას აძლევს ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლებასო. დააკვირდით, რუჰანიმ ერთის მხრივ ამ ხალხის მარგინალიზება მოახდინა და უცხო ძალებისგან მართულად გამოაცხადა, მეორე მხრივ უთხრა, პატივს ვცემ თქვენს უფლებას, მაკრიტიკეთ, ოღონდ წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთავთო.
„ფერადოვანი რევოლუციების“ ახალი ტალღის მოახლოებას, როგორც ჩანს, გრძნობენ რუსეთში. ამასწინათ რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა სერგეი ნარიშკინმა СНГ-წევრი სახელმწიფოების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები СНГ ქვეყნებში მოქმედი რეჟიმების დემონტაჟს გეგმავენ. ასეა ეს თუ არა, ამას მოვლენების დინამიკა დაგვანახებს. ამ კუთხით, ძალიან საინტერესო იქნება აშშ-ს და ევროკავშირის პოზიცია აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ ცნობილია. საინტერესოა, აღიარებენ ისინი არჩევნების შედეგებს, თუ ისევე როგორც ადრე ილჰამ ალიევთან პოლიტიკურ ვაჭრობას გამართავენ. არც საქართველოშია ამ მხრივ სიტუაცია მარტივი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა პოლიტიკური კატაკლიზმების კატალიზატორი გახდეს.
ირანის ხელისუფალნი კი შესაძლოა ნაადრევად ზეიმობენ გამარჯვებას, რადგანაც თუკი ირანში „ფერადოვანი რევოლუციის“ მექანიზმი უკვე დაქოქილია, პირველი მარცხი მას დროებით თუ შეაჩერებს.

ზაალ ანჯაფარიძე

იტვირთბა....