პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ექიმები მკურნალობის პროცესში დადებითი ნიშნების შესახებ ჯერ კიდევ გუშინ საუბრობდნენ, თუმცა, მას შემდეგ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა აღარ შეცვლილა.
დაჭრილის მამა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის შვილს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია.
„მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კვლავ უკიდურესად მძიმეა. რაიმე არსებითი ცვლილებები არ ყოფილა. როგორც გუშინ მოგახსენეთ, გამოვლინდა გარკვეული დადებითი დინამიკის ნიშნები, სხვა რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ამ ეტაპზე არა აქვს. მიმდინარეობს მოლაპარაკება, როგორც თურქეთის, ასევე ავსტრიის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების კლინიკებთან, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არც ერთი კლინიკისგან არ მიგვიღია,“ – განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.
ოჯახი საბოლოო პასუხს ელოდება ავსტრიული და თურქული კლინიკებიდან, რათა დაჭრილი ახალგაზრდის მკურნალობა უკვე ევროპაში გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.