ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფიქრია ჩიხრაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ გამოტანილი განაჩენის შესახებ ისაუბრა

პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ გამოტანილი განაჩენის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„შეწყალების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი და აქ არის მთავარი პრობლემა ის, რომ ზოგადად, ეს პრეცედენტი ეჭვის ქვეშ აყენებს ნებისმიერი შეწყალების აქტს, რომელიც წარსულში პრეზიდენტებს განუხორციელებიათ, თუ დღეს ან მომავალში რომელიმე პრეზიდენტი განახორციელებს. ეს წინააღმდეგობრივია კონსტიტუციურ ნორმებთან და ძალიან პრობლემურია საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მეორე თემა, რაც ასევე ძალიან მტკივნეულია ჩვენი საზოგადოებისთვის არის ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას ძალიან აწუხებდა და ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღსრულებისთვის, ჩვენ მივიღეთ ის, რომ ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ამ კომპლექსურ დანაშაულში მონაწილეობდნენ, არიან დასჯილები. ნაწილი ადამიანებისა, იმის გამო, რომ მათ მიმართ ბრალდება ვერ დასაბუთდა, არ არიან დასჯილები. ზოგი საზღვარგარეთ იმყოფება და ამის გამო მათი ექსტრადირება ვერ მოხერხდა. ნაწილი ადამიანების, ჩვენდა სამწუხროდ, დაწინაურდნენ და დღესაც, ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით ვიცით, როგორ ხდებოდა ამ ამბების გადაწყვეტა, რაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული პირების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაში მდგომარეობდა, მაგრამ არა სხვა მიმართულებით და მხოლოდ შეწყალების მიმართულებით მსჯვარის დაყენება, ძალიან პრობლემურია. შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის პრეროგატიული, ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამის ეჭვქვეშ დაყენება ყველანაირად გაუმართლებელია. ვფიქრობ, ასე საკითხის დაყენება პროკურატურის მხრიდან ძალიან არაკვალიფიციური იყო და ამას ექნება ძალიან ცუდი გაგრძელება როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის სერიოზული პრობლემა, ამაზე გაამახვილა პრეზიდენტმა ყურადღება და როგორც ჩანს, ეს საკითხი კიდევ დიდხანს იქნება დღის წესრიგში“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ქართულ სასამართლოში პირველი განაჩენი გამოცხადდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. მან ოდესის ყოფილი გუბერნატორი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით,  სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა.

იტვირთბა....