სარჩელი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის წინააღმდეგ. აპარატის მოქმედი თანამშრომელი ელგა ფოლადაშვილი მას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
პროცესი ორშაბათს არის ჩანიშნული და ფოლადაშვილი გადაწყვეტილებას უკვე სასამართლოსგან ელოდება.
ფოლადაშვილის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარემ მას სამსახურის დატოვება მოსთხოვა. ოფიციალურ მიზეზად კი იურისტის დიპლომის არქონა დაასახელა, თუმცა აპარატის თანამშრომელი ამბობს, რომ სოფო კილაძე სამსახურში საკუთარი ახლობლების მიყვანას გეგმავს.
„მითხრა, რომ ეს ჩემი კომიტეტია და გადაწყვეტილებებს ვიღებ მეო. ამაზე ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ ეს არ არის მისი კომიტეტი, ეს არის პარლამენტის კომიტეტი. ამის შემდგომ მისგან იყო ასეთი სვლა, რომ, თუ მე ჩემი ნებით არ დავწერდი განცხადებას, ის მე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემდა. კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გააკეთებდა ამას, მითხრა, რომ შენ არ ხარ იურისტი, ისეთ დავალებებს დაგავალებ, რომელსაც, როგორც პროფესიით არაიურისტი ადამიანი, ფიზიკურად ვერ გააკეთებს,“ – განაცხადა ფოლადაშვილმა.
ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორმა, ნონა ქურდოვანიძემ განცხადება გააკეთა.
„მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც დასაქმება მოხდა მოსარჩელის ამ პოზიციაზე, დამსაქმებლისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ის პროფესიით იურისტი არ იყო,“ – აღნიშნა ქურდოვანიძემ.