ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილი: “საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა,  მის მიერ სასამართლოს  გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცადება გააკეთა.

„მათ მე 133 სამხედროს შეწყალებისთვის გამასამართლეს. ამ ბრალდებას არანაირი ლეგალური საფუძველი არ აქვს. მათ ჩემი უკრაინიდან გაძევება ახლა სურთ. რა არ ეძებეს – საბანკო ანგარიშები, რომლებიც არ მაქვს; ოფშორული კომპანიები, რომლებიც არ მაქვს; საკუთრება, რომელიც არ მაქვს. მე ყოფილი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტი ვარ, რომელსაც არაფერი აქვს ისეთი, რითაც მას კორუფციაში დაადანაშაულებდნენ. სწორედ ამიტომ მოიგონეს ეს სასაცილო მუხლი საპრეზიდენტო შეწყალებასთან დაკავშირებით. იგივე მუხლით მსოფლიოში ყველა პრეზიდენტის გასამართლება შეიძლება.

მათ გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სამართალდამცველებს პარალელურად ემუშავათ. ამ ვიზიტის შემდეგ პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვა მაშინ, როცა მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თავს იკავებს საქართველოში ჩამიყვანოს. ეს იმიტომ, რომ იცის საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები. ღვთის გულისათვის, მე ხომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ. ამას ღიად ვამბობ. ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ. მათ არ მივცემ უფლებას ვლადიმერ პუტინის სურვილი შეასრულონ და მე საქართველოს ციხეების ადმინისტრაციამ და საქართველოს სამართალდამცავებმა დამსაჯონ. ჩუმად დაჯდომას არ ვაპირებ. მე რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რომელზეც პუტინი უწყვეტად საუბრობს. მე მას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ.

ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, მხოლოდ ერთი საქმე იყო ისეთი, რომლის დროსაც ადამიანი კომისიასთან კონსულტაციის გარეშე შევიწყალე. ეს არასრულწლოვანი იყო და განხილვებისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ეს ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს მოხდა. სხვა დროს სიას ყოველთვის კომისია ამზადებდა, რომელსაც საკმარისი შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები ჰქონდა შიგნით. მე მათ გადაწყვეტილებებში ეჭვი არასდროს შემიტანია. შეწყალების უფლება შეზღუდული არსად არ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ეს პირადად ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. საქმე ინსტიტუტებს ეხება. ვნანობ ინსტიტუტების შექმნას? არა. იმას ვფიქრობ თუ არა, რომ ეს ინსტიტუტები ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა? რა თქმა უნდა. შეცდომები ბევრი იყო, მაგრამ ინსტიტუტები ყოველთვის წარმატებული იქნება. ის, რაც დღეს ხდება ინსტიტუციების იდეის, კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგი აუცილებლად მოჰყვება. ეს ადამიანები პასუხს აგებენ და სამართალს ვერ გაექცევიან. ამ გადაწყვეტილებით მათ, ფაქტობრივად, მათსავე წინააღმდეგ მომავალი სასამართლო საქმეების საფუძველი შექმნეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით,  სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა.

იტვირთბა....