ახალი ამბები მთავარი სამართალი

სალუქვაძე: სუს-ს მასალების გამოქვეყნება ზეწოლის ქვეშ უწევს, რაც გამოძიებას აზიანებს

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი და გენერალი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ გუშინ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო კადრები ადასტურებს, რომ როგორც მინიმუმ,  პანკისში დაკავებული პირები ახმეტ ჩატაევს და მასთან ერთად ლიკვიდირებულ  ჩეჩნებს იცნობდნენ  და ერთად მოძრაობდნენ.

სალუქვაძის განცხადებით, ძალიან მძიმეა დაჭრილი მოქალაქის ოჯახის მდგომარეობა, თუმცა  მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციისას რომ გარდაცვლილიყო, ეს ერთი რეალობა იქნებოდა. გენერალი ფიქრობს, რომ ოჯახის და საზოგადოების მოლოდინი, რომ მაჩალიკაშვილის  ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოხდეს  ნორმალური რეაქციაა.  საზოგადოების მხრიდან, ზედმეტი და უადგილო აქცენტების გაკეთება მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, იწვევს ზედმეტ ტკივილს და გართულებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა უშედეგოდ დასრულდა.

“ვისურვებდი და უფალს შევთხოვ, რომ გამოჯანმრთელდეს. დანარჩენი კი სასამართლოს და გამოძიებას მივანდოთ.

საერთოდ ვფიქრობ, რომ ოჯახი და სახელმწიფო სტრუქტურები მშვიდად უნდა გაერკვნენ ყველაფერში. არსებობს ომბუდსმენი, სხვა უფლებადამცველები და უყურადღებოდ არავინ დარჩება.

გუშინდელი  კადრების გავრცელება კი, ვფიქრობ, მედიის, პოლიტიკოსების და ექსპერტების ზეწოლის შედეგად მოხდა. დღეს ზუსტად ამ თემაზე ვესაუბრე  ერთ-ერთ პროდიუსერს, რომ არ უნდა ვაიძულოთ გამოძიება პერიოდულად შუალედური ინფორმაციები გადმოგვიგდოს. ასე მგონია, რომ ვაიძლებთ გარკვეული ინფორმაციების გასაჯაროვებას, შესაძლოა ნაჩქარევადაც, რაც საზიანოა გამოძიების პროცესისთვის.

მე მედიას არ ვაკრიტიკებ. არც მედია ექსპერტის რეგალიებს ვიწებებ. თუმცა, თუ რამდენიმე ათეული ადამიანი არსებობს ქვეყანაში, ვისაც ღია წყაროები ესმის. მეც მეთქმის ერთი სიტყვა, რადგან ზუსტად 7 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული ღია წყაროებით, მიმყავდა ჩემს მიერ შემუშავებული სასწავლო კურსიც. შესაბამისად, მედია სივრცის მაჯისცემას კარგად ვგრძნობ. როცა პულსი სიცოცხლისთვის სახიფათოა, ვალდებული ვარ ვთქვა.

გადავხედოთ სხვა, მ.შ. წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ვადროოთ სპეცსამსახურებს შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები, რაც არ ნიშნავს, რომ კონტროლზე არ გვქონდეს და ანგარიშვალდებულები არ იყვნენ საზოგადოების წინაშე. ესაა სულ რაც მსურდა ამ ორ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მეთქვა”,-აცახდებს სალუქვაძე.

სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. კადრში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები გამოავლინა.

რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის, რამაზ მარგოშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა და ომალოში აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.

ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

სპეცოპერაციისას დაჭრილია 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომლის მდომარეობაც მძიმეა. მედიკოსთან კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაამგზავრონ.

იტვირთბა....