ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს აფასებს.
მისი თქმით, გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, უფრო მეტი თეორიული შანსი ჩნდება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მისი სამშობლოში ექსტრადირება მოახდინოს.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა პოროშენკოს უფრო მეტი საფუძველი ექნება, რომ ის საქართველოს მხარეს გადმოსცეს, რადგანაც მას უკვე კონკრეტულ საქმეზე ბრალი დაუმტკიცდა. ანალიტიკსო ამბობს, რომ პრინციპში ამ განაჩენის შემდეგ, სამართლებლივი რიკსები მოხსნილია, თუმცა პოლიტიკური რისკები კვლავ რჩება.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ექსტრადირებული სააკაშვილი ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრობლემური იქნება და დასავლეთის მხრიდან სერიოზული დაკვირვების და კრიტიკის ობიექტი გახდებიან.
“სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთთან ურთიერთობას გაუფუჭებს. ამის რისკები იქნება და ჩვენი ხელისუფლებისთვის სერიოზული თავის ტკივილი გახდება. ეს არ იქნება მარტივი პოლიტიკური პროსეცი.
რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელზეც სააკაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, გარკვეული კითხვები მეც მაქვს და ამაზე დასავლეთსაც ექნება რეაქცია. ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე არ არის, არის თუ არა საააკაშვილი დამნაშავე. საუბარი იმაზეა, რომ ამ კონკრეტულ ფაქტზე, თუ აქ დანაშაულია ჩადენილი, სააკაშვილს მაშინ თანამონაწილეები ჰყავდა.
რატომ არ ჩანს მის გარდა სხვა არავინ? გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების გამოშვება სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეს იყო სააკაშვილის მხრიდან მათი შეწყალება, როდესაც მათ სასჯელი გაუნახევრა. მეორე უკვე პროკურატურის წარდგინებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც მათ კიდევ უფრო შეუმცირეს სასჯელი და ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის კარგად ცნობილმა მოსამართლემ მურუსიძემ მიიღო.
მესამე კი ვადამდელი წესით, მათი პირობითი სასჯლით სახლში გაშვება იყო. სამივე ეტაპს თავისი შემოქმედი ჰყავს, თუ პირველ ეტაპზე სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მიჩნდება კითხვა, საბრალდებო სკამზე მის გვერდით მურუსიძე რატომ არ ზის? ის ხომ სააკაშვილის თანამონაწილეა, ყველას მიზანი ამ ადამიანების ციხიდან გამოშვება იყო”,-აცხადებს ხუხაშვილი “მეტრონომთან”
რაც შეეხება უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ სიხლის სამართლის საქმეებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში იქ ჯერ კიდევ გამოძიება მიდის და საქართველოს სრული სამართლებლივი უფლება აქვს, რომ უკვე კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისი ექსტრადირება მოითხოვოს.
თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, ექსტრადირების თემით პოროშენკო ყველასთან ივაჭრებს და არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილთანაც. ეს არ იქნება ავტომატური პროცესი, თუმცა ამ კუთხით პოლიტიკური რისკები არსებობს, შესაბამისად, პოროშენკო რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უკვე ლელა კაკულიას კომპეტენციაში შედის. ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს არანაირი გეგმა არა აქვს და მას სააკაშვილის ექსტრადირება თან უნდა და თან არ უნდა.
შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა.
ავტორი: ელზა პაპოშვილი