თავის არეში მიღებული დაზიანების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 83-წლის ქალი გარდაიცვალა. ბრალდებული მეზობლის ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. პოლიციამ გამოძიება 19/108-ე მუხლის საფუძველზე (დანაშაულის ჩადენის მცდელობა და განზრახ მკვლელობა) დაიწყო. დაკავებული 53-წლის ასაკისაა და, დაზარალებული ოჯახთან ახლოს, მარტო ცხოვრობს.
,,მეც გადმოცემით გავიგე, რომ დაბადების დღეზე მეზობლები ქეიფობდნენ. როზა მისულა სტუმრად. ცუდი ხასიათების გამო, ცოტა ხანში სუფრიდან გამოუშვიათ. როზა გაბრაზებულა და დაემუქრა მათ, ნახეთ, რა გიყოთო და წამოვიდა. მოგვიანებით, ჩუმად შესულა ამ ოჯახის პირველ სართულზე, სადაც მოხუცი იწვა. აუღია შეშა და დაურტყამს. შემდეგ, იქვე გვერდით ოთახში შესულა და დაუძინია” – აცხადებს სოფლის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი.
მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ბებია შემთხვევით შვილიშვილმა ნახა. 83-წლის ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბრალდებული კი, შეშიანად, გვერდით ოთახში იწვა და ეძინა. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო: qartli.ge