პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მის შვილს ახმეტ ჩატაევთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. ის უდანაშაულოა და ამის დასამტკიცებლად ყველა ღონეს იხმარს.
„ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს. ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ“, – მიმართა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს. მან სპეცოპერაციის დეტალებიც გაიხსენა:
“დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ვითარება, რომ ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს. ვინც ესროლა და გასცა ეს ბრძანება, ისინი სამუდამო პატიმრობით უნდა გასამართლდნენ. ხელყუმბარის გადაღების საშუალება საიდან მომეცემოდა, როცა იმ დროს ტელეფონი და საერთოდ ყველაფერი ჩამორთმეული მქონდა.
ხელყუმბარა იყო საძინებელში, კუთხეში, რომ შევიხედე, საწოლი მთლიანად სისხლიანი იყო, ასევე სისხლიანი იყო ზეწრები, გადასაფარებლები და ის ტელეფონიც, რომელიც თემირლანს ხელში ეჭირა სროლის დროს. რომ მითხრეს, ხელყუმბარა უნდა გაეხსნაო, ვიკითხე, სად არის ხელყუმბარა-მეთქი.
მივიხედე და კუთხეში იდო. ხელყუმბარაზე სისხლი ვერ შევნიშნე. ამ დროს კითხვა დავსვი, ტელეფონზე სისხლია და ხელყუმბარაზე არა-მეთქი? მაგათ იმ დღიდანვე უცნაური შეცდომები დაუშვეს. ამას დავამტკიცებ და ეს პირველივე დღეს ვთქვი. ჩემი შვილის უდანაშაულობას დავამტკიცებ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.